მოისწრაფიშვილმა კოლხეთი დატოვა | კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს
ფოთის „კოლხეთის“ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას სლოვაკეთში, ტრნავის „სპარტაკში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ „კოლხეთმა“ სოციალურ ქსელში დაადასტურა.
მოისწრაფიშვილი 2001 წელს არის დაბადებული, პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველია და „კოლხეთს“ მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა. გიორგი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, უთამაშია „თელავში“ და ბელგიურ „ბევერენში“.
მოისწრაფიშვილს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია, 21 წლამდე ნაკრებთან 2023 წელს ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა, სულ კი რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდში 12 მატჩი და 3 გოლი დაუგროვდა.
ქართველი ფეხბურთელი „სპარტაკთან“ კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს (ერთწლიანი გახანგრძლივების შესაძლებლობით).
აქვე გეტყვით, რომ ტრნავის „სპარტაკმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს.