„გამირბის თუ არა ისლამი?“ | თოფურიამ მახაჩევზე ილაპარაკა
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. „ელ მატადორმა“ რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა და ჰელვანიმ ჰკითხა, მისი აზრით, გაურბის თუ არა ისლამ მახაჩევი და ჰგავს თუ არა მათი სიტუაცია ჯონ ჯონსისა და ტომ ასპინალის საგას.
„ჯონ ჯონსს ისლამ მახაჩევს ვერ შევადარებთ. ჯონსი წლებია ამ ორგანიზაციაშია, საუკეთესო მებრძოლების წინააღმდეგ უჩხუბია და არავის გაურბის. ის დაიღალა და უბრალოდ კარიერის დასრულება უნდა. ყოველთვის გამოიძებნება მებრძოლი, რომელზეც იტყვიან, რომ მისი შემდეგი მეტოქე უნდა იყოს. ასპინალი რომც დაამარცხოს, ვიღაც ახალი გამოჩნდება.
გამირბის თუ არა მახაჩევი? ისლამი თავის რაღაცებს აკეთებს და სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ გამირბოდეს ან თავს მარიდებდეს. მოვიტყუები, რომ გითხრათ, თითქოს გამირბის. ვფიქრობ, წონის კლებით დაიღალა და ახალი გამოწვევა უნდა. ქვესაშუალო წონით დივიზიონში ავიდა და თვლის და ჰგონია, რომ შეუძლია, ორი წონითი ჩემპიონი გახდეს. ჩემი აზრით, ესაა ის, რის გაკეთებასაც ისლამი ცდილობს“.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევი ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამრისთვის ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება, ილია კი რამდენიმე დღეში იჩხუბებს და ჩარლზ ოლივეირას შეხვდება. მათ დაპირისპირებას 29 ივნისს, თბილისის დროით, 08:00-დან ვიხილავთ.