მიქაუტაძის გაშვებას აპირებენ | აიაქსში დიდი წმენდა იგეგმება
ნიდერლანდურ პრესაში „აიაქსის“ სამომავლო გეგმებზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ამსტერდამელები სერიოზული ცვლილებებისთვის ემზადებიან და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელს გაუშვებენ, რომელთა შორის გიორგი მიქაუტაძეცაა.
Voetbalnieuws-ის ინფორმაციით, „აიაქსი“ აქცენტს იმ მოთამაშეებზე გააკეთებს, რომლებიც გუნდში ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, სვენ მისლინტატმა მიიყვანა. მიქაუტაძე ერთ-ერთია და მის გარდა, წამსვლელთა შორის იოსიპ სუტალო, გასტონ ავილა, ბორნა სოსა, ბენიამინ ტაჰიროვიჩი, ანტონ გააი და იაკოვ მედიჩი იქნებიან.
მიქაუტაძე „მეცშია“ განათხოვრებული და ფრანგულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს. სხვადასხვა გამოცემების ცნობით, „მეცს“ გიორგის გადაყვანა 10 მილიონ ევროდ შეეძლება. საინტერესოა, რომ Footmercato-ს მიხედვით, „აიაქსს“ მიქაუტაძის სანაცვლოდ გადასახდელი თანხა სრულად ჯერ არ დაუფარავს და არის შანსი, „მეცს“ გარიგების დახურვა ბევრად ნაკლები დაუჯდეს.
ცნობისთვის, ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 11 მატჩი დაუგროვდა და მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა. მიქაუტაძემ ბოლო 3 შეხვედრაში აქვს გოლი გატანილი და „ლიონის“, „კლერმონისა“ და „ნანტის“ კარი აიღო.