ბუდუ ზივზივაძე, ალექსანდრე იაშვილი, კარლსრუე
Aa
Aa

„აქ დაბრუნება ყოველთვის მიხარია“ - იაშვილის ინტერვიუ კარლსრუეს გვერდთან

საქართველოს ნაკრებისა და გერმანული „კარლსრუეს“ ყოფილი შემტევი, ალექსანდრე იაშვილი რამდენიმე დღის წინ კარლსრუეში იმყოფებოდა, სადაც მისი ყოფილი გუნდის ერთ-ერთ მატჩს დაესწრო და ფეხბურთელებსაც შეხვდა.

მოგვიანებით, ვეტერანმა ფორვარდმა კლუბის წარმომადგენელთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც „კარლსრუესა“ და ბუდუ ზივზივაძის შესახებ საუბრობს.

ინტერვიუ 26 მარტს, „ნიურნბეგთან“ მატჩის დასრულების შემდეგ არის ჩაწერილი, რომელიც „კარლსრუემ“ 4:1 მოიგო, ამ შეხვედრაში კი ბუდუ ზივზივაძემ ორი გოლი გაიტანა.

ალექსანდრე იაშვილი:

ფანების დახვედრა: ძალიან გამახარა ასეთმა დამოკიდებულებამ. ყოველთვის ვამბობდი, რომ კარლსრუე ჩემი მეორე სახლია. მეც და ჩემი შვილებიც აქ თავს კომფორტულად ვგრძნობდით. როდესაც დრო მაქვს, აქ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვბრუნდები. მიყვარს ეს ქალაქი და ამ გუნდის გულშემატკივარი, რომელიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ყოველთვის ბედნიერი ვარ აქ დაბრუნებით.

კლუბის ახალი სტადიონი: ნამდვილად სუპერია, წარმოუდგენელია. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფეროა. ამას ისიც დაემატა, რომ ქართველმა ბუდუ ზივზივაძემ ორი გოლი გაიტანა, რამაც ძალიან გამახარა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ გარემოში მომიწია ყოფნა.

ბუდუ ზივზივაძის შესახებ: ბუდუ ეროვნულ ნაკრებში თავის საქმეს ყოველთვის იდეალურად ასრულებს. ბევრი მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი. სასიხარულოა, რომ დღესაც შეძლო ორი გოლის გატანა, თანაც 81-ე წუთზე შემოვიდა და უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გოლები როგორც მისთვის, ისე გუნდისთვისაც ბევრს ნიშნავს.

კარლსრუეს ამჟამინდელ მდგომარეობაზე: დარწმუნებული ვარ, მწვრთნელმა კარგად იცის რა არის უკეთესი და როგორ უნდა შემობრუნდეს სასიკეთოდ კლუბის მდგომარეობა, რადგან ის თავის სტაფთან ერთად გუნდს ყოველდღიურად ხედავს და იცის, რაშია პრობლემა. მათ დღეს შესანიშნავად ითამაშეს და მომავალ კვირას, როსტოკთან თამაშიც მნიშვნელოვანი იქნება, რათა გასავარდნ ზონასთან სხვაობა გაიზარდოს.

საქართველოს ნაკრების შესახებ და მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის: მარტის თამაშებისთვის მზადება კარგად მიმდინარეობს და ეს პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრები გველის, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელს გაარკვევს და ძალიან გვინდა, რომ ისტორიაში პირველად შევძლოთ იქ მოხვედრა. ეს საქართველოსთვის ყველაზე დიდი ოცნებაა. 21 მარტს ნახევარფინალი გვაქვს. იმედია, მოვიგებთ და შემდეგ ფინალსაც სახლში ვითამაშებთ.

ალექსანდრე იაშვილმა ინტერვიუში „ჰანზა როსტოკთან“ გასამართი მატჩი ახსენა, შეხვედრა კი 3 დეკემბერს ჩატარდა და ფრედ, 2:2 დასრულდა. საგულისხმოა, რომ ამ მატჩში, ბუდუ ზივზივაძე ცვლილებაზე შემოვიდა, როდესაც მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა და ანგარიში გაათანაბრა, რითაც თავის გუნდს ქულა მოუტანა.

აქვე გეტყვით, რომ ალექსანდრე იაშვილი „კარლსრუეს“ შემადგენლობაში 2007-2012 წლებში თამაშობდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 141 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუ გოლის შემდეგ: „კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ სასტარტოში თამაშს ვიმსახურებ“
ბუდუ გოლის შემდეგ: „კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ სასტარტოში თამაშს ვიმსახურებ“