ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

UFC-ის ვარსკვლავთა ყველაზე კოშმარული მეტოქეები | სიაში ორი ქართველია

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, Bleacher Report-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და დაასახელა მებრძოლები, რომლებიც UFC-ის მთავარი ვარსკვლავებისთვის  კოშმარული მეტოქეები იქნებოდნენ. Bleacher Report-ის სიაში ორ ქართველს ვხედავთ. ამერიკული გამოცემის მიხედვით, შონ ომალისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე მერაბ დვალიშვილია, ალექსანდრ ვოლკანოვსკისთვის - ილია თოფურია.

მერაბ დვალიშვილი

„სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, შონ ომალი მომდევნო ბრძოლას მარლონ ვერას წინააღმდეგ გამართავს. მისდა სასიხარულოდ, ვერა არაა ყველაზე რთული მოწინააღმდეგე, რომელსაც შეიძლება, ომალი შეხვდეს. ეს სტატუსი ქართველ მერაბ დვალიშვილს ეკუთვნის.

მანქანას ზედიზედ 9 ბრძოლა აქვს მოგებული და პიოტრ იანისა და ჟოზე ალდოს სახით, ორი ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა, რის წყალობითაც, ტოპ 15-ში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ომალისა და ვერას პირველი ჩხუბი და ისტორია რომ არა, მერაბი საჩემპიონო ბრძოლის მიღების მთავარი კანდიდატი იქნებოდა.

თუ შუგა დვალიშვილთან ქამრის დაცვას გადაწყვეტს, რთული საღამოს გამოვლა მოუწევს. ქართველი მებრძოლი ჭიდაობაში, რაც ჩემპიონის მთავარი სისუსტეა, ძალიან მაგარია. იანის წინააღმდეგ მას თეიქდაუნის 49 მცდელობა ჰქონდა და წარმატებას 11-ჯერ მიაღწია. მერაბმა ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი გამოსვლა გვაჩვენა და მართალია, ჩხუბი სანახაობრივი არ ყოფილა, მაგრამ ვნახეთ სტრატეგია, რომელიც მას ჩემპიონის წინააღმდეგ ბრწყინვალე შანსს მისცემდა“.

ილია თოფურია

„MMA-ის კარიერაში მოპოვებული 14 გამარჯვებისა და UFC-ში გაფორმებული ზედიზედ 6 მოგების შემდეგ, ბევრს გაუჩნდა მოსაზრება, რომ დღესდღეობით, ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკისთვის ყველაზე სახიფათო მეტოქეა. ამჯერად, იღბალი ჩვენს მხარეზეა და მათი ბრძოლა ოფიციალურადაა ჩანიშნული. ახლანდელი კოეფიციენტებით, თოფურია მცირე აუტსაიდერია, რაც გასაკვირია, რადგან მისი მეტოქე თვით ალექსანდრ ვოლკანოვსკია. მებრძოლი, რომელსაც ქვემსუბუქ წონით დივიზიონში არასდროს წაუგია და მრისხანე მოწინააღმდეგეები დაუმარცხებია.

ვოლკმა დინასტია შექმნა და აღმაფრთოვანებელია, რომ გამოჩნდა მებრძოლი, ვისაც ბუკმეკერები გამარჯვების თითქმის იგივე შანსს აძლევენ. რეალურად, ეს გასაკვირი არაა, რადგან ილია, ვოლკის მსგავსად, მრავალმხრივი მებრძოლია. მას შესანიშნავი გრეპლინგი, ლამაზი სტრაიკინგი და ბრძოლის სცენარის შეცვლის შესაძლებლობის მქონე ძალა აქვს. ვოლკანოვსკი სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების შერწყმას ბრწყინვალედ ახერხებს და ასეთი მებრძოლი UFC-ში ბევრი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ არის მოსაზრება, რომ ამჯერად თავის ტოლ-სწორს ხვდება“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი მომდევნო ბრძოლას დიდი ალბათობით, ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ გამართავს, ილია კი ქამრისთვის 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) იჩხუბებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გარსიამ ბანალური შეცდომა დაუშვა“ | იტალიელი ჟურნალისტები კვარაზე და მაცარის დებიუტზე
„გარსიამ ბანალური შეცდომა დაუშვა“ | იტალიელი ჟურნალისტები კვარაზე და მაცარის დებიუტზე