ბურჯანაძის ორმაგი დუბლი - ლეიმა ქვედა დივიზიონში დაქვეითდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, „ლეიმა“ ქვედა ლიგაში დაქვეითდა. ლიგა ენდესას XXXI ტურში გალისიური კლუბი სტუმრად „ბილბაოსთან“ 12-ქულიანი სხვაობით, 67-79 დამარცხდა, რაშიც ყველაზე ნაკლები ბრალი ბექა ბურჯანაძეს მიუძღვოდა, რომელმაც თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა.
„ლეიმას“ 31 წლის ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე გატარებულ 21 წუთში 12 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან რვიდან ოთხი ორქულიანი და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან ქულების დაგროვების ორი მცდელობიდან კი ორივე წარუმატებელი აღმოჩნდა. ბურჯანაძე მოხსნების რაოდენობით ორივე კლუბში საუკეთესო გახლდათ, ბურთი ორჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ლიგა ენდესას რეგულარული ეტაპის დარჩენილ სამ ტურში „ლეიმა“ „მორაბანკ ანდორას“ (შინ), „მურსიასა“ (სტუმრად) და „ბასკონიას“ (შინ) შეხვდება.