ლაგუნა ტენერიფე მედლების გარეშე - შერმადინის 13 მოხსნა
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში „ლაგუნა ტენერიფე“ მედლების გარეშე დარჩა. გიორგი შერმადინი და მისი თანაგუნდელები მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ათენის „აეკს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 4-ქულიანი სხვაობით, 73:77 დამარცხდნენ.
გიორგი შერმადინმა 23 წუთში მხოლოდ 5 ქულა დააგროვა, თუმცა სამაგიეროდ მის ანგარიშზე 13 მოხსნაც იყო, რითაც 36 წლის ქართველი ცენტრი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ. გიორგის ანგარიშზე ასევე 2 ასისტი და თითო-თითო ჩაჭრა-დაფარებაა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 13 მოხსნიდან შერმადინმა 11 თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი სამჯერ დაკარგა და არც ერთი პერსონალური ჯარიმა არ მიუღია.
მომდევნო შეხვედრას „ლაგუნა ტენერიფე“ 18 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატში სტუმრად „ლეიდასთან“ გამართავს. ლიგა ენდესაში კანარის კუნძულების გუნდი 24 მოგებითა და 7 წაგებით მეორე ადგილზეა და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება.