„ამ პრობლემის გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ“ - რა თქვეს ფლიკმა და ანჩელოტიმ კლასიკოს შემდეგ
ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „ბარსელონა“ მონჟუიკზე მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და 4:3 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰანზი ფლიკმა და კარლო ანჩელოტიმ განვლილი „ელ კლასიკო“ შეაფასეს.
ჰანზი ფლიკი:
„ეს ფანტასტიკური გამარჯვება ჩვენი გულშემატკივრებისთვის და ფეხბურთელებისთვისაა. მადრიდის „რეალს“ შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მათ აქტიურად დაიწყეს და გოლები სწრაფად გაიტანეს. ჩვენ 0:2-დან მოვახერხეთ დაბრუნება და ეს მილანში ჩატარებული 120-წუთიანი მატჩის შემდეგ მოხდა. არ იყო ამ გამოწვევასთან გამკლავება მარტივი, მაგრამ ეს მაინც შევძელით. ახლა გულზე უნდა შევემოწმო“.
„დაცვაში თამაში მნიშვნელოვნად უნდა გავაუმჯობესოთ. როდესაც პრესინგზე მივდივართ, ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ როგორც კი შეცდომას ვუშვებთ, მაგალითად დღეს, რაც პირველი გოლის ეპიზოდში მოხდა, ყველაფერი უფრო რთულდება. ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ ჩემი გუნდი კოლექტიურად კარგ გადაწყვეტილებას იღებდა, მაგრამ ამ შეცდომებმა პრობლემები შეგვიქმნა. ეს საბაბი არაა, მაგრამ ვარჯიშებზე ბევრი მუშაობის დრო არ გვაქვს, ამ შესაძლებლობის გარეშემ მომზადება კი რთულია, რადგან ყოველ სამ დღეში გვიწევს თამაში. ჩვენ გაუმჯობესება გვჭირდება და უკვე ვგეგმავთ, რომ მომდევნო სეზონისადმი მოსამზადებელ ეტაპზე ამ კომპონენტის მიმართულებით გავაკეთოთ აქცენტი“.
კარლო ანჩელოტი:
„რამდენიმე აშკარად უხეში შეცდომა დავუშვით და ამის გამო გაშვებული გოლებით დავისაჯეთ. მბაპემ ძალიან კარგად ითამაშა. კარგად ვუტევდით და რამდენიმე შესანიშნავი მომენტი გვქონდა, სამი გოლი გავიტანეთ და მეტის გატანაც შეგვეძლო. შეტევაში მკაფიო გეგმა გვქონდა, მაგრამ თავი უკეთ უნდა დაგვეცვა. კარგად დავიწყეთ, მაგრამ უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ, პირველი 30 წუთი უკეთ უნდა გვეთამაშა. არ დაგვავიწყდეს, რომ 5 მცველის გარეშე დავრჩით“.
„ვინისიუსი იმიტომ შევცვალე, რომ კოჭის პრობლემა ჰქონდა. მას თამაშის გაგრძელება სურდა, მაგრამ ტრავმამ შეაწუხა და ამიტომ მისი შეცვლა გადავწყვიტე. როდრიგო თავს კარგად არ გრძნობდა და საუკეთესო ვარჯიშები არ ჩაუტარებია. მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, პირიქით, კმაყოფილი ვარ. ის უბრალოდ ავადმყოფობისგან სრულად გამოჯანმრთელებული არ იყო“.
გუნდებს შორის ეს ოფიციალურ მატჩებში 261-ე „ელ კლასიკო“ იყო, „ბარსელონამ“ კი „რეალს“ 104-ე მატჩი მოუგო, „სამეფო კლუბის“ ანგარიშზე კი 105 გამარჯვებაა. ასევე, გუნდებს შორის 52 მატჩი ფრედ დასრულდა.
უდიდესი ალბათობით, ჰანზი ფლიკის გუნდმა საჩემპიონო „კლასიკო“ მოიგო. ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „ბარსელონა“ „რეალს“ 7 ქულით უსწრებს და მომდევნო ტურში „ესპაიოლთან“ გამარჯვების შემთხვევაში გათამაშების ჩემპიონობას გაინაღდებს.