სიგიჟე მონჟუიკზე, მბაპეს ჰეთთრიკი და 7 გოლი - ბარსელონამ საჩემპიონო კლასიკო მოიგო?
ლა ლიგის 35-ე ტურის ცენტრალურ მატჩში გულშემატკივარმა „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება იხილა.
რიგით 261-ე „ელ კლასიკო“ ამჯერად კატალონიაში, „მონჟუიკზე“ ჩატარდა და „ბარსელონამ“ დაძაბულ და სანახაობრივ ბრძოლაში 4:3 გაიმარჯვა.
არა და „რეალი“ პირველ 15 წუთში მბაპეს დუბლით 0:2 დაწინაურდა. ფრანგმა შემტევმა მე-5 წუთზე ჯერ პენალტით გაიტანა, მე-14 წუთზე კი ვინისიუსის პასი ზუსტად გამოიყენა და შესნის შანსი არ დაუტოვა. 0:2 ჩამორჩენის მიუხედავად, „ბარსელონამ“ პირველივე ტაიმში შეძლო თამაშის შემოტრიალება და ტაიმი 4:2 მოიგო. მე-19 წუთზე ერიკ გარსიამ მადრიდელთა კარში ერთი ბურთი გაქვითა, 32-ე წუთზე კი იამალმა ანგარიში გაათანაბრა. 34-ე და 45-ე წუთებზე რაფინიამ „რეალის“ კარში დუბლი შეასრულა შესვენებაზე თავისი გუნდი ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა.
მეორე ნახევარში ორივე გუნდის კართან საგოლე ეპიზოდები მრავლად შეიქმნა და მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. 70-ე წუთზე კილიან მბაპემ ჰეთ-თრიკი შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა, დარჩენილ დროში „რეალმა“ შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
როგორც გითხარით, გუნდებს შორის ეს ოფიციალურ მატჩებში 261-ე „ელ კლასიკო“ იყო, „ბარსელონამ“ კი „რეალს“ 104-ე მატჩი მოუგო, „სამეფო კლუბის“ ანგარიშზე კი 105 გამარჯვებაა. ასევე, გუნდებს შორის 52 მატჩი ფრედ დასრულდა.
უდიდესი ალბათობით, ჰანზი ფლიკის გუნდმა საჩემპიონო „კლასიკო“ მოიგო. ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „ბარსელონა“ „რეალს“ 7 ქულით უსწრებს და მომდევნო ტურში „ესპაიოლთან“ გამარჯვების შემთხვევაში გათამაშების ჩემპიონობას გაინაღდებს.