„ორივე თამაშში მომეწონა“ - ტორინოს პირველმა პირმა საზონოვი შეაქო
„ტორინოს“ პრეზიდენტმა, ურბანო კაირომ ქართველ ფეხბურთელზე, საბა საზონოვზე ისაუბრა. ახალგაზრდა მცველმა „ვერონასთან“ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ ტრავმის გამო, 27-ე წუთზე მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
მცირე დროის მიუხედავად, საზონოვმა კაიროზე შთაბეჭდილება მაინც მოახდინა და „გრანატას“ პრეზიდენტმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში განაცხადა: „საზონოვი როგორც დღეს, ისე რომში გამართულ შეხვედრაშიც (ლაციოსთან ცვლილებაზე შევიდა) მომეწონა. მოდით, ვნახოთ, საბა მალე თუ დაგვიბრუნდება და რა თქმა უნდა, ბუონჯორნო ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“.
შეგახსენებთ, რომ „ტორინოსა“ და „ვერონას“ დაპირისპირება ფრედ, 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ, „გრანატას“ თავკაცმა, ივან იურიჩმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საბას მოტეხილობა არ მიუღია. მას დამატებით ტესტებს დღეს ჩაუტარებენ და ახალი ინფორმაცია უახლოეს საათებში გავრცელდება. საზონოვმა „ტორინოში“ მეორედ ითამაშა, ძირითად შემადგენლობაში კი პირველად გამოჩნდა.
ცნობისთვის, 10 ტურის შემდეგ, „ტორინოს“ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს. „გრანატას“ მომდევნო მატჩი უპრინციპულეს მეტოქესთან ელის და 7 ოქტომბერს სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.