შოთა მიშველიძე, კახი ასანიძე, რამინ შამილიშვილი
Aa
Aa

მერვე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე - ასანიძის წარუმატებელი გამოსვლა

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, 73 კგ. წონით კატეგორიაში კახი ასანიძემ ორჭიდის ჯამში 326 კილოგრამი დააფიქსირა და მერვე ადგილზე გავიდა.

ატაცში ასანიძემ პირველ ცდაზე 145 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე 151 კილოგრამი ვერ დასძლია, თუმცა მესამე ცდაზე 151 კილოგრამის დაძლევა შეძლო. კახი ასანიძე ატაცში მეოთხე ადგილზე გავიდა.

 

კახი ასანიძემ აკვრაში პირველ ცდაზე 175 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე 181 კილოგრამი უნდა დაეძლია, თუმცა ტკივილი იგრძნო და ვერ დააფიქსირა. სამწუხაროდ, მესამე ცდაზე 182 კილოგრამის დაფიქსირებაც ვერ შეძლო. ასანიძემ ორჭიდის ჯამში 326 კილოგრამი დააფიქსირა.

„ჩადე სული და გული“ - ასე ამხნევებდა ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე შვილს.

რამინ შამილიშვილმა (55 კგ.) 109/111/113 კილოგრამი დასძლია და ატაცის დისციპლინაში ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 132/136 კილოგრამი დააფიქსირა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 249 კილოგრამით ვერცხლი მოიპოვა.

შოთა მიშველიძემ ატაცში 129, 133 და 136 კილოგრამები დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა. მან აკვრაში პირველი მისვლა ვერ გამოიყენა, მომდევნო ორ მისვლაზე კი შეკვეთილი კილოგრამები წარმატებით დაძლია, ვერცხლის მედალს დაესაკუთრა. ქართველი ძალოსანი აკვრაში 155 და 162 კილოგრამებს მოერია, ორჭიდის ჯამში 298 კგ. დააფიქსირა და მეორე ოქროს მედალიც აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები