სალაჰი: „სენ-ჟერმენმა ვერაფრით გვაჯობა“
ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ მიმავალ გზაზე „პარი სენ-ჟერმენმა“ ორმატჩიან დუელში ინგლისის პრემიერ ლიგის სამი წარმომადგენელი დაამარცხა და მათ შორის ყველაზე მეტად „ლივერპულთან“ გაუჭირდა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ 11-მეტრიანების სერიაში აჯობა. მერსისაიდული გრანდის ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი მოჰამედ სალაჰი თვლის, რომ პარიზული გრანდი მათ ვერაფრით აღემატებოდა.
რას ამბობს სალაჰი
თავდაპირველად ერთ რამეს ვიტყვი - „პარკ დე პრენსზე“ აშკარად გაგვიმართლა, რადგან ალისონმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და რამდენჯერმე გადაგვარჩინა. თუმცა, საპასუხო შეხვედრაში ნამდვილად არ ვთვლი, რომ პარიზელებმა რაიმე კომპონენტში გვაჯობეს.
„ენფილდზე“ შედგა თანაბარი თამაში, სადაც მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა და საბოლოო ჯამში სასურველ შედეგს მივაღწიეთ, 11-მეტრიანები კი საფეხბურთო ლატარეაა. მთელი სეზონის მანძილზე ჩავარდნა მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში გვქონდა და მაინცდამაინც მაშინ შეხვდით „პარი სენ-ჟერმენს“, რომელიც იმ მომენტში ევროპის საუკეთესო გუნდი იყო.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერ ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, მოჰამედ სალაჰი როგორც გატანილი გოლების, ასევე საგოლე პასების რაოდენობით საუკეთესოა. ბომბარდირთა დავაში 28 გოლის ავტორი ეგვიპტელი მეორე ადგილზე მყოფ ალექსანდრ ისაკს ხუთი ბურთით, ასისტენტთა დავაში კი სალაჰი (18) უახლოეს მდევარ ჯეიკობ მერფის 7 პასით უსწრებს.