„შავი ლომი ჯერჯერობით დანიშნულებას ვერ ასრულებს“ - შკინინი ქართული რაგბის პრობლემებზე
ნოემბერი ქართული რაგბისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენებით დატვირთული თვეა - საქართველოს ეროვნული გუნდი სამ ტესტ-მატჩს გამართავს, რომლის შედეგებზეც დიდწილად არის დამოკიდებული თუ რომელ კალათაში მოხვდებიან ბორჯღალოსნები მსოფლიოს თასის კენჭისყრის დროს. რამდენად პროგრესირებს ნაკრები ინგლისელი მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის ხელში და რამდენად გაამართლა „შავი ლომის“ სახით პროფესიული ფრენჩაიზის ჩამოყალიბებამ, ამის თაობაზე ვეტერანმა მორაგბემ გიორგი შკინინმა Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა.
გიორგი შკინინი
ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ნაკრებებთან ცალსახა ფავორიტები ვართ და ვფიქრობ, არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. ჩრდილო ამერიკელები სწრაფ, სანახაობრივ რაგბის ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა ჩვენთან ფიზიკურ ასპექტში ძალიან დაიჩაგრებიან და ბათუმში გასამართი თამაშები ვარჯიშებივით უნდა გამოვიყენოთ. რაც შეეხება იაპონიას, საკუთარ სტადიონზე ვთამაშობთ და უპირატესობა ჩვენ მხარეს იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ იოლი გასეირნება გვქონდეს, რადგან ეს გუნდი საკმაოდ ხარისხიან რაგბის თამაშობს.
პროგრესირებენ თუ არა რიჩარდ კოკერილის ხელში ბორჯღალოსნები? ეს რთული და კომპლექსური საკითხია. ნაკრები ყოველთვის არის სახე იმის, თუ რა ხდება შიდა ჩემპიონატში. ვიცი, რომ ქართველი გულშემატკივარი მომთხოვნია და გაცილებით მეტის ნახვა სურთ, რაც ზაფხულის ტესტების დროს ვერ ვნახეთ. არა მგონია, მწვრთნელის საკითხი ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იყოს, რადგან სანამ შიდა ჩემპიონატის დონე არ გაიზრდება, არსებითად არაფერი შეიცვლება. პრობლემები უფრო სისტემურია და უფრო სხვა ამბებიდან იწყება.
„შავი ლომის“ ჩამოყალიბების მთავარი მიზანი იყო ეროვნული ნაკრების პროგრესირება და ის, რომ ბორჯღალოსნებს საკლუბო დონეზეც მაღალი კლასის მეტოქეებთან სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდათ. სამწუხაროდ, ჯერ ისიც ვერ მოხერხდა, რომ ვინმემ რომელიმე ნორმალურ ჩემპიონატში მიგვიღოს. კი არსებობს ევროპის ჩელენჯ თასი, მაგრამ წელიწადში ოთხი თამაში მიზერული რაოდენობაა. აქედან გამომდინარე, სანამ მაღალი დონის მატჩების რაოდენობა არ მოიმატებს, მიჭირს იმის თქმა, რომ ფრენჩაიზის ჩამოყალიბებამ ნაკრებს განვითარებაში რაიმენაირად ხელი შეუწყო.
მიუხედავად ყველაფრისა, მგონია, რომ ამ თაობას შეუძლია რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე აჩვენოს ისეთი შედეგი, როგორიც არ გვიჩვენებია. კარგია, რომ ხაზშიც გამოჩნდნენ ისეთი მოთამაშეები, რომელთაც შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ეს ისეთი ტურნირია, სადაც ერთ მატჩშიც გამარჯვება ბევრ რამეს წყვეტს. ამას პირადი გამოცდილებიდანაც ვამბობ, რადგან 2007 წელს წარმატებასთან ახლოს ვიყავით. თანაც, ალბათ ამ თაობის წარმომადგენლები ჩვენზე უფრო მაღალი დონის პროფესიონალები არიან, უკეთესი ცხოვრების წესით ცხოვრობენ და მომზადებისთვისაც უკეთესი პირობები აქვთ. მთავარი შეცდომა როდის დავუშვით იცით? მცირე პროგრესი რომ გვქონდა და წინ მივდიოდით, პრობლემებს ყურადღებას არ ვაქცევდით, რამაც თავი მოგვიანებით იჩინა.
რა არის შიდა ჩემპიონატის მთავარი პრობლემა? ერთ-ერთი მთავარი ალბათ ისევ და ისევ დაფინანსებაა. დღეს კლუბების უმეტესობას ძალიან დიდი ფინანსური გაჭირვება აქვს. სპორტსმენს, რომელსაც აქვს 1500 და 2000 ლარი ხელფასი და შენ იმას სთხოვ, პროფესიონალი იყოს, ცოტა არარეალურია. მას თანხა სჭირდება ელემენტალურად თავს რომ მიხედოს, სწორად იკვებოს, სწორად ივარჯიშოს და საამისოდ 3000 ლარიც არაფერია. აქედან გამომდინარე, რაგბის პოპულარიზაცია იკარგება. მესმის, შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან ათი კლუბის შენახვა რთულია, მაგრამ იყოს ექვსი და ვიყოთ ბევრი პროფესიონალი მორაგბეებით გაჯერებულები. ახლა რა სიტუაციაც არის, ასე არ შეიძლება, რადგან „შავ ლომში“, ან ნაკრებში თუ არ მოხვდი, დიდ 10-ში ასპარეზობის პერსპექტივა არავის ხიბლავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების სამივე ტესტ-მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. 8 და 15 ნოემბერს, აშშ-ისა და კანადის ეროვნულ გუნდებს - ბათუმში, 22 ნოემბერს იაპონელებს კი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ვუმასპინძლებთ.