ზივზივაძე: “გოლი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო“
როგორც მოგეხსენებათ, ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ფრანკფურტის აინტრახტის კარი აიღო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ზივზივაძემ ჰაიდენჰაიმის ოფიციალურ გვერდთან კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ბუდუმ?
„დღევანდელი ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით. მეორე ტაიმში ფრანკფურტმა აკონტროლა თამაში და ანგარიში დამსახურებულად გაათანაბრა.
ვფიქრობ, საბოლოო ჯამში 1:1 ორივე გუნდისთვის სამართლიანი შედეგია იმის გათვალისწინებით, თუ როგორ წარიმართა შეხვედრა. კმაყოფილები ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ყველა თამაშში უნდა ვიბრძოლოთ და ქულების დაგროვება ვეცადოთ.
გოლი პირადად ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და იმედი მაქვს, რომ მომავალ მატჩებშიც ასე გაგრძელდება.“
შეგახსენებთ, რომ ჰაიდენჰაიმისა და აინტრახტის დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ბუდუ ჰაიდენჰაიმის ფეხბურთელი გასულ ზამთარში გახდა, ყველა ტურნირის ჩათვლით 27 მატჩში 3 გოლი შეაგდო, სამივე ბუნდესლიგაში, გასულ სეზონში ჰოფენჰაიმთან და ჰოლშტაინ კილთან გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს ჰაიდენჰაიმთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.