იუვენტუსს შესაძლოა დამატებით 15-დან 25 ქულამდე ჩამოაკლონ
ტურინის „იუვენტუსს“ შესაძლოა ქულები კიდევ ჩამოაკლონ და გუნდს გავარდნის საფრთხეც დაემუქროს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, შესაბამისი სტრუქტურა ტურინული კლუბის ფინანსური თაღლითობის გამოძიებას აგრძელებს. აპრილის შუა რიცხვებში ახალი სასამართლო სხდომა გაიმართება, რომელიც მოთამაშეთა ხელფასებთან და აგენტების ანაზღაურებებთან არსებულ საეჭვო დეტალებთან არის კავშირში.
პროკურატურა ასევე დაჟინებით მოითხოვს „იუვენტუსის“ „საეჭვო პარტნიორობის ხელშეკრულებების“ განხილვას. ამ საკითხზე სასამართლო სხდომა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში გაიმართება.
თუ „იუვენტუსი“ ახალ ბრალდებაში დამნაშავედ გამოცხადდება, კლუბს ახალი ჯარიმის სახით 15-დან 25 ქულამდე ჩამოკლება დაემუქრება.
შეგახსენებთ, რომ იანვარში ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ტურინელები ფიქტიური კაპიტალის მოგების საქმეზე დასაჯა და იტალიის ჩემპიონატში 15 ქულა დააკლო. ამ დროისთვის „იუვეს“ სერია A-ში 41 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე არიან.