თემურ ქეცბაია, დინამო თბილისი
Aa
Aa

მიზნები, დინამო თბილისი და ევროტურნირები | თემურ ქეცბაიას ინტერვიუ

თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია დავით მინაშვილის, ნია წივწივაძისა და ლაშა სალუქვაძის გადაცემის სტუმარი იყო. ქართველმა სპეციალისტმა ბევრ საინტერესო თემასა და კლუბის გეგმებზე ისაუბრა.

დინამო თბილისზე

„ყველა ქალაქსა და რაიონს თავისი გუნდი ჰყავს, მაგრამ თბილისის „დინამო“ მთელი ქვეყნის გუნდია. არავის უნდა, ეს კლუბი ასეთ მდგომარეობაში იყოს. იმედი მაქვს, მოვახერხებთ, ვითარება შევცვალოთ. კარგი სტარტი გვქონდა და ვიმედოვნებთ, რომ ასე გავაგრძელებთ.

რა თქმა უნდა, აქ მუშაობა საპასუხისმგებლოა. „დინამო“ ჩემი გუნდია. აქ გავიზარდე და ამ გუნდმა მომცა საშუალება, დასახული მიზნებისთვის მიმეღწია. წნეხი ყოველთვისაა, საქართველოშიც და უცხოეთშიც. როდესაც თამაშებს იგებ, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ როცა ვეღარ იმარჯვებ, ყველგან ერთი და იგივე ხდება. ჩვენთვის პრობლემა ისაა, რომ ამხელა სტადიონზე ვთამაშობთ და გულშემატკივრები თამაშებზე არ დადიან. იმედი მაქვს, ეს შეიცვლება და ქომაგი მოვა.“

რამ გადააწყვეტინა „დინამოს“ ჩაბარება

„კლუბის პრეზიდენტმა დამირეკა და შეთავაზება გამიკეთა. მითხრა, რომ მაქსიმუმს გააკეთებდა, რათა საჭირო პირობები შეექმნა. გუნდში ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა გვყავს. მათ სჭირდებათ ფეხბურთელები, რომლებიც განვითარებაში დაეხმარებიან. გვინდა, თბილისის „დინამომ“ სახელი დაიბრუნოს და იყოს ის, რაც ქართველ გულშემატკივარს სურს.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბავშვები იზრდებიან და 17-18 წლის ხდებიან, არ ეძლევათ საშუალება, საქართველოს პირველობაში ითამაშონ. სჯობს, აქ ითამაშონ, ვიდრე საზღვარგარეთ წავიდნენ, პრაქტიკა ვერ მიიღონ და დაბრუნდნენ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელს არ აქვს ფუფუნება, ჩვენს ჩემპიონატს გადახედოს და აქედან ვიღაც დაიმატოს.“

Crystalbet ეროვნული ლიგა

„საინტერესო ჩემპიონატია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საჭირო დონეზეა. ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროტურნირებზე მოხვედრაა, რაც დიდი ხანია ვერ მოვახერხეთ. გვინდა, ეს შევცვალოთ. რომან ფიფიასთან ამაზე ვილაპარაკე. ჩვენი მიზანია, ცხრილის ზედა ნაწილს დავუბრუნდეთ და მომავალში ევროტურნირებზე ვიფიქროთ. ერთ კვირაში ან ერთ თვეში ამას ვერ შევცვლით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პირობები შევქმნათ, რომ ჩამოვიყვანოთ ფეხბურთელები, რომლებიც დაგვეხმარებიან.

გვქონდა საუბარი მოთამაშეებზე, რომლებიც წასულები არიან და შეიძლება დაბრუნდნენ. იმედია, ისინი, ვის მიმართაც ინტერესი გვაქვს, დაბრუნდებიან. ვიმედოვნებ, შევუქმნით პირობებს, რომლებზეც დაგვთანხმდებიან. თუ ფული გაქვს, დღევანდელ ფეხბურთში ბევრი რამ შეგიძლია. მაგალითად შეგვიძლია, სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი მოვიყვანოთ. მათ ჩამოჰყავთ ლეგიონერები, რომელთა დახმარებითაც ევროტურნირებზე გადიან. ჩვენ გვაქვს ჩემპიონატი, რომელშიც ნებისმიერმა გუნდმა შეიძლება ნებისმიერს მოუგოს. უგულშემატკივროდ ფეხბურთელისთვის ძალიან ძნელია და ქომაგები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

აკადემია და თორნიკე კვარაცხელია

„აკადემიასთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. თბილისის „დინამოს“ აკადემიაში ბევრი ფეხბურთელი გაიზარდა და ნაკრების თითქმის 80 პროცენტი ჩვენი აღზრდილია. ძალიან კარგად მუშაობენ და პროგრესი გვაქვს. ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ და ყველა ფეხბურთელს, რომელიც ღირსია, პირველ გუნდში ითამაშოს, ამის საშუალება მიეცემა.

ხვიჩას ძმა, თორნიკე კვარაცხელია, ძირითად გუნდში გადმოვიყვანეთ და ორი ვარჯიში გამართა. ძალიან ნიჭიერია და ხვიჩას ვინმე კონკურენტი თუ ეყოლება, ეს თავისი ძმა იქნება. მიყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს — მთავარია, მოედანზე გავიდეს და სამუშაო შეასრულოს.“

შეგახსენებთ, რომ ქეცბაიასთვის სადებიუტო შეხვედრა „სამგურალთან“ მატჩი იყო, რომელიც მისმა გუნდმა 2:1 მოიგო.

ფოტო: დინამო თბილისი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი ფეხბურთელია, ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“ | ოსიმენმა კვარა გამოარჩია
„შესანიშნავი ფეხბურთელია, ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“ | ოსიმენმა კვარა გამოარჩია