მესი - საუკეთესო ასისტენტი მუნდიალების ისტორიაში | OPTA-ს საინტერესო ცნობები
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინის ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში ეგვიპტე დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით OPTA-მ საინტერესო სტატისტიკური ცნობები გამოაქვეყნა.
78-ე წუთზე არგენტინა 0:2-ს აგებდა და ამაზე ნაკლებ დროში ორი ან მეტბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა, მატჩის შემოტრიალება და ძირითად დროში მოგება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში არც ერთ გუნდს არ გამოსვლია.
Opta-ს პროგნოზით, კრისტიან რომეროს გოლამდე არგენტინის გამარჯვების შანსები 0.6%-ს შეადგენდა.
ენცო ფერნანდესმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მე-3000 გოლი გაიტანა.
91:55 წუთზე გატანილი ბურთი ასევე არგენტინის ნაკრების ფეხბურთელის მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე ძირითად დროში გატანილი ყველაზე გვიანი გოლია.
ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირის ერთ გათამაშებაში ორი პენალტი ვერ გაიტანა (პენალტების სერიის გარეშე).
ასევე, არგენტინელთა კაპიტანი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალების პლეიოფში ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა.
მუნდიალის პირველ 5 მატჩში მესიმ 8 გოლი გაიტანა - ამაზე კარგი შედეგი 1970 წელს მხოლოდ გერმანელ გერდ მიულერს ჰქონდა (10 გოლი).
გოლი, 5-ზე მეტი წარმატებული დრიბლინგი და 5-ზე მეტი შექმნილი საგოლე მომენტი თამაშიდან მუნდიალის ერთ მატჩში - ეს მესის სტატისტიკაა ეგვიპტესთან, ბოლოს კი ასეთი სტატისტიკით 1986 მსოფლიო ჩემპიონატზე დიეგო მარადონამ ბელგიასთან მატჩი დაასრულა.
კრისტიან რომეროზე გაკეთებული საგოლე პასი ლეო მესისთვის მუნდიალებზე მეცხრე გახდა. ამ მაჩვენებლით მან დიეგო მარადონას გადაასწრო (8 ასისტი).
ცნობისთვის, არგენტინა ეგვიპტესთან 0:2-ს მარცხდებოდა, თუმცა შემდეგ ჯერ კრისტიან რომეროსა და ლიონელ მესის გოლებით ანგარიშის გათანაბრება შეძლო, შემდეგ კი მატჩის ბოლო წუთებზე ენცო ფერნანდესმა „ალბისელესტე“ მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც მათი მეტოქე კოლუმბია-შვეიცარიას შორის გამარჯვებული იქნება.