რონალდუ: ჩემამდე პორტუგალიას ტიტული არ ჰქონდა, ახლა სამი ტიტული აქვს
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებმა მიკელ მერინოს გამარჯვების გოლით პორტუგალია დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩის შემდეგ მედიასთან 41 წლის კრიშტიანუ რონალდუმ ისაუბრა.
„დღესაც სუფთა სინდისით მივდივარ. ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე. პორტუგალიის ნაკრებთან ერთად 3 ტიტული მოვიგე, კრიშტიანუ რონალდუმდე პორტუგალიას არცერთი ჯილდო არ ჰქონდა მოპოვებული. კმაყოფილი ვარ. ყველაზე დიდი ტიტული, რომელიც ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატია, რომელსაც ჩემთვის, გულწრფელად რომ ვთქვა, ზუსტად იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც მსოფლიო ჩემპიონატს. ვიმეორებ, სუფთა სინდისით მივდივარ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე. ხვალ ახალი დღე იქნება და ცხოვრება გრძელდება.“
„გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე არ ვიღებ და არც ის მსურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გაკეთებული საქმის ნაცვლად, ყურადღება ჩემს პირად გადაწყვეტილებაზე გადავიტანო.“
კითხვა: რას ეტყოდით იმ ბიჭს, რომლის დებიუტიც 2006 წელს შედგა?
რონალდუ: „ყოველთვის მაქსიმუმი გაიღე შენი ქვეყნისთვის და შენი ფერებისთვის, რადგან როდესაც დაასრულებ, უფრო მშვიდად იქნები იმის გამო, რომ ბოლომდე დაიხარჯე და ძალ-ღონე არ დაგიშურავს. და განსაკუთრებით, ეროვნულ ნაკრებში. ეროვნული ნაკრების სახელით თამაშისას განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება. უკვე 23 წელია, ამას უდიდესი სიამოვნებით ვაკეთებ და ეს ყოველთვის დაუვიწყარი გამოცდილებაა. დასასრული? იყო ემოციებიც, თუმცა ასევე შვება და სუფთა სინდისი, რადგან მას, ვინც თავის მაქსიმუმს აკეთებს, საყვედურს ვერავინ ეტყვის.“