დინამო ბათუმმა გამოცდილი ბრაზილიელი შემტევი დაიმატა
„დინამო ბათუმმა“ ბრაზილიელი გარემარბი, პაულო ვიტორი დაიმატა. კლუბი ინფორმაციას ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლამდე გაფორმდა. ფეხბურთელი დინამოს თურქულ შეკრებაზე უკვე შეუერთდა და სეზონის განახლებისთვის გუნდთან ერთად აქტიურად ემზადება.
„მიხარია, რომ ისეთი ისტორიული კლუბის ნაწილი გავხდი როგორიც დინამო ბათუმია. ჩემი სურვილია, რომ ამ მაისურით რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო და კლუბს წარმატებაში დავეხმარო“, - ამბობს პაულო ვიტორი კლუბში წარდგენის შემდეგ.
ვიტორი გარემარბი ბრაზილიური ვასკო და გამას აღზრდილია და პროფესიული კარიერის საწყისი წლები სწორედ ამ კლუბში გაატარა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2017 წელს შედგა. მას შემდეგ პაულო ვიტორმა არაერთი ცნობილი კლუბის (მათ შორის ესპანური ალბასეტესა და ვალიადოლიდის, პორტუგალიური რიუ ავესა და პორტიმონენსეს, ბრაზილიური კრუზეიროსა და უკრაინული კარპატის) მაისურით 200-ზე მეტ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 26 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
საგულისხმოა, რომ პაულო ვიტორს ტულონის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ბრაზილიის 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში სამი შეხვედრა აქვს გამართული.