„ფავორიტი ზირაა, მაგრამ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ“ - შუსტერის და ანდრიჩის პრესკონფერენცია
ხვალ, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად აზერბაიჯანულ „ზირას“ დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ქუთაისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა და ფეხბურთელმა, კომნენ ანდრიჩმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
დირკ შუსტერი:
„აზერბაიჯანში პირველად ჩამოვედი. მეტოქეს პატივისცემით ვეპყრობი. აქ ჩამოსვლისას მცირე პრობლემას წავაწყდით. „ზირა“ წყვილის ფავორიტია, მაგრამ ყველაფერი მოედანზე გადაწყდება. მოედანზე მაქსიმუმს გავაკეთებთ. მეტოქე გაანალიზებული გვყავს. შევეცდებით, გამარჯვებისთვის ჩვენი ძალა ვაჩვენოთ“.
„ფეხბურთს თავისი კანონები აქვს და „თურან თოვუზი“ დაისაჯა. ჩვენც ევროთასებისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. რამდენიმე დღის წინ საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულები გავხდით. ჩვენი გუნდი მძიმე, მჭიდრო გრაფიკით თამაშობს“.
„აზერბაიჯანში ბევრ გერმანელ სპეციალისტს უმუშავია. ბერტი ფოგთსთან მქონდა კავშირი. ამჟამად თქვენს ქვეყანაში არიან მოთამაშეები, რომლებსაც გერმანული სკოლა აქვთ გავლილი. ისინი გამოცდილი ადამიანები არიან“.
კომნენ ანდრიჩი:
„ზირა“ სრულად გავაანალიზეთ. თვალს ვადევნებ აზერბაიჯანის ჩემპიონატს. პირველივე წამებიდან ბურთი ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ, ეს მნიშვნელოვანი იქნება უპირატესობის მოსაპოვებლად.
მეტოქემ ახალი ტრანსფერები განახორციელა, „ზირას“ სიურპრიზების გუნდად მივიჩნევ. მაგრამ მატჩისთვის მაქსიმალურად მზად ვართ და ვეცდებით, ჩვენი სიტყვა ვთქვათ“.
შეგახსენებთ, რომ „ზირასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი 8 ივლისს, საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება, საპასუხო დაპირისპირება კი ქუთაისში 16 ივლისს გაიმართება.