ფოლარინ ბალოგუნი
Aa
Aa

შეცვლილი პრეზენტაცია და არანაირი პასუხი FIFA-სგან | ბელგიელთა ახალი განცხადება

ბელგიის სამეფო ფეხბურთის ასოციაციამ ახალი განცხადება გაავრცელა, რომელიც FIFA-ს მიერ ფოლარინ ბალოგუნის წითელ ბარათთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ბალოგუნს „წითელ ეშმაკებთან“ არ უნდა ეთამაშა, რადგან ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოედნიდან გააძევეს, მაგრამ დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალეს.

„მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებით FIFA-ს გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვეთ, რომელიც ფეხბურთელ ფოლარინ ბალოგუნისთვის ავტომატური დისკვალიფიკაციის მოხსნას უკავშირდება, ბელგიის სამეფო ფეხბურთის ასოციაციამ FIFA-ს ოფიციალური წერილი გაუგზავნა. ჩვენ მოვითხოვეთ გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტის ასლი, იმ პროცესის ახსნა-განმარტება, რაც მას მოჰყვა და დავაფიქსირეთ საკუთარი პოზიცია რეგულაციების შესახებ.

ერთადერთი პასუხის სახით FIFA-მ გამოაგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ისინი ამ მიმოწერას მიიჩნევდნენ სააპელაციო სარჩელად, რაზეც დანიშნული იყო მოსამართლე და აპელაციის პროცესის ბოლომდე მისაყვანად ჩვენს ასოციაციას რამდენიმე საათი ჰქონდა დარჩენილი. მათი მხრიდან არანაირი სხვა ინფორმაცია არ ყოფილა მოწოდებული.

იმისათვის, რომ აპელაცია დასაშვებად იქნას ცნობილი, თავად FIFA-ს რეგულაციებში წერია, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ მომჩივან მხარეს უნდა ეცნობოს. მიუხედავად იმისა, რომ RBFA უბრალოდ ლეგიტიმურ განმარტებებს ითხოვდა, FIFA-მ თავადვე ხელოვნურად შექმნა „აპელაცია“ და მაშინვე უზრუნველყო, რომ იგი დაუშვებლად გამოცხადებულიყო. ეს ყველაფერი ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც FIFA პარალელურად უარს ამბობდა პასუხი გაეცა ჩვენს ლეგიტიმურ მოთხოვნებზე.

გარდა ამისა, მატჩის საორგანიზაციო შეხვედრის დროს FIFA-მ თავისი პრეზენტაციიდან შეგნებულად ამოიღო ის სექცია, რომელიც ფეხბურთელების ავტომატურ დისკვალიფიკაციას ეხებოდა — მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა წინა ოთხივე მატჩის წინ გამართული ყველა მსგავსი შეხვედრის დღის წესრიგის ნაწილი იყო. ბელგიის ფეხბურთის ასოციაციამ FIFA-ს წერილობითაც და ზეპირადაც მოსთხოვა განმარტება ამ ცვლილების მიზეზებზე, თუმცა პასუხი კიდევ ერთხელ ვერ მიიღო.

შესაბამისად, ჩვენს ასოციაციას სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ გაასაჩივროს აღნიშნული ფეხბურთელის ლეგიტიმურობა მომავალ მატჩში. მიუხედავად ამ შეხვედრის სპორტული შედეგისა, RBFA ღრმად არის დამწუხრებული მოვლენების ამგვარი განვითარებით და უახლოეს საათებში, დღეებსა თუ თვეებში კვლავაც გააგრძელებს ბრძოლას ეთიკის ფუნდამენტური პრინციპების, სამართლიანი კონკურენციისა და ზოგადად ფეხბურთის ინტერესების დასაცავად“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ბელგიის ნაკრებების დაპირისპირება 7 ივლისს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 04:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიწერეთ უფროსებს, რომ ხვალ სამსახურში არ მიხვალთ“ - კეინის და ბელინგემის კომენტარები
„მიწერეთ უფროსებს, რომ ხვალ სამსახურში არ მიხვალთ“ - კეინის და ბელინგემის კომენტარები