პაატა ღუდუშაური, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

„კონფლიქტი იყო“ | დემჩენკოს კომენტარი ღუდუშაურთან დაპირისპირებაზე

Crystalbet ეროვნული ლიგის ჩემპიონი „იბერია 1999“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ფლორას“ დაუპირისპირდება. გუნდში დაძაბული ვითარებაა — მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოსა და პაატა ღუდუშაურს ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ვარჯიშზე დემჩენკომ ფეხბურთელს საკმაოდ არაკორექტულად მიმართა. მწვრთნელის მხრიდან ეთიკური ჩარჩოებიდან გადახვევა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის შემდეგ ღუდუშაურს გუნდთან ერთად აღარ უვარჯიშია.

დემჩენკომ მომხდართან დაკავშირებით ისაუბრა და მისი კომენტარი Geo Team-მა გაავრცელა: „არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. სამუშაო პროცესი იყო. პაატა ღუდუშაურს კარგად ვიცნობ. 2021 წელს გორის „დილაში“ მე მივიყვანე. ორწლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, არავის უნდოდა მისი წაყვანა. ფეხბურთის თამაში მე დავაწყებინე. შემდეგ დაიწყო მისი კარიერული წინსვლა. მის ხასიათს იდეალურად ვიცნობ.

პრობლემა აქ ისაა, რომ ზოგი უმკლავდება სპორტულ კონკურენციას, ზოგი კი — ვერა. ეს მოხდა პაატას შემთხვევაშიც. თუ ვინმე საკუთარ ხასიათს ვერ აკონტროლებს, გუნდში კლიმატს აფუჭებს. ასეთ ფეხბურთელებთან ვერ ვმუშაობ. დიახ, კონფლიქტი იყო და ვადასტურებ. ფეხბურთში მსგავსი რამ მომავალშიც მოხდება, რადგან ემოციური სპორტია. ამას პაატას ბოლო მატჩების გაუმართლებელი ეპიზოდები დაემატა — წითელი ბარათი, სხვა ეპიზოდები… ასე არ შეიძლება. ფეხბურთელმა თავისი ადგილის მოსაპოვებლად მწვანე მინდორზე ჯანსაღად უნდა იბრძოლოს. ამიტომაც პაატა პირველი გუნდიდან მოკვეთილია. ახლა გუნდში ჯანსაღი გარემოა და „ფლორასთან“ მატჩისთვის ვემზადებით“.

ცნობისთვის, „იბერია 1999“-ისა და „ფლორას“ პირველი შეხვედრა ესტონეთში გაიმართება და თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება. განმეორებითი შეხვედრა 14 ივლისს არის დანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გენერალი ვინ ჰყავს“ - შეკითხვები თოფურიას გუნდზე
„გენერალი ვინ ჰყავს“ - შეკითხვები თოფურიას გუნდზე