სპალეტი: “უნდა დავამტკიცოთ, რომ ის არ ვართ, რაც ბოლო პერიოდში ვაჩვენეთ“
ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტის განმეორებით მატჩში ტურინის იუვენტუსი გალათასარაის უმასპინძლებს. მატჩის წინ, ბიანკონერის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
სპალეტი:
„ზოგი თამაშს უბრალოდ ვერ ითამაშებ, ის უნდა შექმნა. ხვალ საჭიროა მთელი გარემოს ჩართულობა და მხარდაჭერა, ჩვენი გულშემატკივრების სული გვჭირდება. ვიცით, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ მათ ვთხოვთ, ხვალ ჩვენს გვერდით იყვნენ. მათთან ერთად უფრო ძლიერები ვართ.
ილდიზი უკვე ლიდერია ჩვენთვის, მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა. ამას ხედავთ მის ქცევაში და იმაში, როგორ უჭირავს თავი მაშინაც კი, როცა რთული დროა. მან აჩვენა, რომ აქ დარჩენა სურს და ეს უკვე ამაღლებს მას. მას აქ ყოფნა უნდა და დღეს, სავარჯიშო მოედნიდან გასვლისას, ეს ნათლად მითხრა. ნებისმიერ ფასად უნდა ხვალ მონაწილეობა. დღეს ნაწილობრივ გუნდთან ერთად ივარჯიშა.
ბრემერი განაცხადში იქნება და თამაშშიც გამოვიყენებთ. ისიც, ილდიზის მსგავსად, სწორი ხასიათის ფეხბურთელია. ფილიპ კოსტიჩი ღირებულია როგორც ადამიანი, როგორც პროფესიონალი და როგორც ამ კლუბის წევრი. მას ძალიან ძლიერი მარცხენა ფეხი აქვს და ვფიქრობ, შეუძლია მარჯვენა ფლანგზეც ითამაშოს, როგორც უკვე ვნახეთ, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი მარცხენა ფეხი.
მომდევნო ორი თამაში (გალათასარაისთან და შემდეგ რომასთან) ერთნაირი მნიშვნელობისაა. ორივე ძლიერი მეტოქეა და ამავე დროს საინტერესო გამოწვევაც. ახლა მხოლოდ გალათასარაიზე ვფიქრობთ. რთული იქნება, მაგრამ გულშემატკივრებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ. უნდა ვიყოთ უფრო მტკიცეები, ვიდრე აქამდე ვიყავით. ვიცით ჩვენი ფასი, უნდა ვიყოთ ერთიანი და შეკრული. ამას ყოველდღე ვუსვამთ ხაზს — უნდა დავამტკიცოთ, რომ ის არ ვართ, რაც ბოლო პერიოდში ვაჩვენეთ.
როგორც ჯგუფს, არ გვჭირდება სხვების აზრებში ჩართვა. თითოეული ჩვენგანი თავის წილ კრიტიკას იღებს და ასე ტვირთი უფრო მსუბუქი ხდება. ეს ჩანს ბიჭების ქცევაში. ჩვენ გადატვირთვა გავაკეთეთ და მზად ვართ, მატჩი ჩვენს საუკეთესო დონეზე ვითამაშოთ. რთული დრო შენს ღირებულებას არ წაგართმევს — ის გაიძულებს, დაამტკიცო იგი.“
შეგახსენებთ, რომ ტურინულმა გუნდმა პირველი მატჩი თურქეთში 2:5 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან გაუჭირდება. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 25 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.