კურტუა: “როგორც რასიზმი, ისე ჰომოფობიაც სრულიად მიუღებელია“
ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტის განმეორებით მატჩში მადრიდის რეალი ბენფიკას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მეკარემ ტიბო კურტუამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კურტუა:
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ გულშემატკივრები ჩვენს გვერდით იყვნენ, მთელი მატჩის განმავლობაში გვამხნევებდნენ და ჩვენ ასე თამაშს პირველივე წამიდან კარგად დავიწყებთ. ფეხბურთისთვის ახლა ძალიან კარგი მომენტია, რომ ასეთ მოვლენებს ბოლო მოეღოს. გასახდელში ჩვენ ვიცით, რა გვითხრა ვინისიუსმა. არ მინდა ვინმეს კონკრეტულად გამოყოფა. მსგავსი რამ ფეხბურთში ბევრჯერ მომხდარა — არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ტრიბუნებზეც. საბოლოოდ, გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს და ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება.
ჩილავერტის განცხადება? ესეც სამწუხაროა. ასეთ სიტყვებს ვერ იტყვი — ეს სხვა ტიპის შეურაცხყოფაა. ასეთ რამეს ადგილი არ აქვს დღევანდელ მსოფლიოში და მით უმეტეს ყოფილი კოლეგის მხრიდან. რუი კოშტას განცხადება? ვალვერდეს ინციდენტის მოხმობა აქ არაფერ შუაშია — ეს უბრალოდ თამაშის ნაწილია. არ მგონია, ვალვერდეს მიზანი ყოფილიყო მეტოქისთვის დარტყმა. თუ ვინმეს მოშორება გინდა, უბრალოდ ხელს ჰკრავ ან მის ხელს იშორებ. პრესტიანის შემთხვევაში რთულია — საბოლოოდ, ეს იქნება ერთი სიტყვის წინააღმდეგ მეორე სიტყვა. ისინი დაიცავენ საკუთარ ფეხბურთელს, ჩვენ კი 100%-ით ვინისიუსის გვერდით ვართ.
ვინისიუსს უამრავჯერ ჩაარტყეს მცველებმა, ჰქონია კონფლიქტები მოთამაშეებთან და არასდროს უთქვამს მსგავსი რამ. ვიცი, რომ მან კარგად გაიგონა, რაც უთხრეს — ეს არაერთხელ აღნიშნა და მე მას ვენდობი. რადგან მან პირზე მაისური აიფარა, ზუსტად ვერ გავიგებთ, რა ითქვა. ‘ბენფიკა’ თავის მოთამაშეს დაიცავს და მორჩა. შემდეგ გადაწყვეტილებას უეფა და შესაბამისი ინსტიტუციები მიიღებენ. როგორც რასიზმი, ისე ჰომოფობიაც სრულიად მიუღებელია. და მათი შეურაცხყოფებიც არაფრით ნაკლებია.“
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ მატჩში პრესტიანიმ ვინისიუს ჟუნიორს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც არგენტინელი უეფა-მ მხოლოდ ერთი მატჩით დასაჯა.
ასევე შეგახსენებთ, სამეფო კლუბი ბენფიკასთან დაპირისპირებას ცუდ ხასიათზე ხვდება, რადგან ლა ლიგის გასულ ტურში ბლანკოსმა ოსასუნასთან სტუმრად 1:2 წააგო და ლიდერობა დაკარგა.
მადრიდის რეალისა და ლისაბონის ბენფიკას მომავალი მატჩი 25 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.