ალისონი იუვენტუსის სამიზნეა - რა ელის მამარდაშვილს?
„ლივერპულის“ მეკარე და გიორგი მამარდაშვილის მთავარი კონკურენტი, ალისონ ბეკერი ზაფხულში შესაძლოა, „იუვენტუსში“ გადავიდეს. ამის შესახებ გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი წერს.
„ალისონ ბეკერის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა „ლივერპულს“ მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვს. მიუხედავად ამისა, ბრაზილიელ მეკარეს ბოლო დროს აქტიურად უკავშირებენ ტურინის „იუვენტუსს“. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური კლუბი ალისონს მიკელე დი გრეგორიოს ბიუჯეტურ შემცვლელად განიხილავს.
მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ივნისში სრულდება, მოსალოდნელია, რომ „ლივერპული“ გამოიყენებს კონტრაქტის გახანგრძლივების პუნქტს და ბრაზილიელს ენფილდზე 2027 წლამდე დატოვებს. ეს ნაბიჯი კლუბისთვის ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანია: თუ მეკარე გუნდში დარჩება, ის კვლავ მთავარ ძალად მოგვევლინება, ხოლო გაყიდვის შემთხვევაში, დამატებითი 12 თვე მის სატრანსფერო ღირებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის.“ - ნათქვამია Gazzetta-ს სტატიაში.
ბრაზილიელი მეკარე „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელისთვის, ლუჩანო სპალეტისთვის უცხო არ არის. ალისონი „ლივერპულში“ „რომადან“ გადავიდა და მაშინ, რომაული გუნდის მთავარი მწვრთნელი სწორედ სპალეტი იყო. შესაბამისად, ალისონმა ევროპულ კარიერაში პირველი ნაბიჯები სწორედ იტალიელი სპეციალისტის ხელში გაიარა.
ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, „ლივერპულთან“ დაახლოებულმა სააგენტო Liverpool Echo-მაც დაწერა, რომელმაც აღნიშნა, რომ ზაფხულში ალისონის გაშვება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, კლუბმა მის შემცვლელზე ფიქრი გაცილებით ადრე დაიწყო, რაც ჯერ კიდევ გასულ სეზონში, გიორგი მამარდაშვილის დამატებით გამოიხატება. შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელებმა ქართველი მეკარე 2023/24 წლების სეზონის დასრულების შემდეგ იყიდეს, თუმცა მამარდა იჯარის წესით ერთი სეზონით კვლავ „ვალენსიაში“ დატოვეს.
„ჯერჯერობით უცნობია, თავად 33 წლის მეკარე განიხილავს თუ არა ენფილდიდან წასვლას. თუმცა, გასულ ზაფხულს ვალენსიიდან გიორგი მამარდაშვილის 29 მილიონ ფუნტად შეძენა მიანიშნებს იმაზე, რომ „ლივერპული“ პოსტ-ალისონის ეპოქისთვის უკვე ემზადება. მიუხედავად ამისა, სლოტი ჯერჯერობით არ ჩქარობს ქართველის ალისონის სრულფასოვან კონკურენტად ქცევას — ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მამარდაშვილმა „ბრაიტონთან“ გამართულ ასოციაციის თასის შეხვედრაშიც კი ვერ მიიღო მონაწილეობა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გუნდს მეკარის პოზიციაზე რეალური გარდამავალი ეტაპი რომ დაეწყო, მამარდაშვილს სეზონის ამ მონაკვეთში გაცილებით მეტი სათამაშო დრო უნდა ჰქონოდა.“ - წერს Liverpool Echo.
გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა, 17 ბურთი გაუშვა და კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა. ალისონი კი სასტარტოში 29 მატჩში გამოჩნდა, 30 გოლი გაუშვა და 12-ჯერ შეინახა კარი მშრალად.