„რეალი მამარდაშვილს განიხილავდა“ - რას წერს ესპანელი ჟურნალისტი
მადრიდის „რეალი“ გიორგი მამარდაშვილს ტიბო კურტუას შემცვლელად განიხილავდა. ამის შესახებ ესპანელი ჟურნალისტი ხორხე პიკონი წერს.
მისი ინფორმაციით, „სამეფო კლუბმა“ უკვე დაიწყო იმაზე ფიქრი, ვინ შეცვლის პირველი ნომრის პოზიციაზე კურტუას, როდესაც ბელგიელი „რეალს“ დატოვებს.
„კურტუა ხელშეუხებელია, მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი. კლუბის აზრით, ტიბო მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, თუმცა მხედველობაში იღებენ ბელგიელის ასაკსაც (33 წელი) და მუხლის დისკომფორტს, რომელიც ტიბოს ბოლო პერიოდში აწუხებს.
ლუნინთან დაკავშირებით კლუბში ფიქრობენ, რომ ის კურტუას სრულფასოვან შემცვლელად ვერ გამოდგება, და არაა გამორიცხული, უკრაინელმა მეკარემ კლუბი უკვე ზაფხულში დატოვოს.
არსებობდა ინტერესი ჟოან გარსიას და გიორგი მამარდაშვილის მიმართ, თუმცა მათ კურტუას წასვლამდე სათადარიგო მეკარის როლი არ აკმაყოფილებდა. ახლა ყველაზე პოპულარულ ვარიანტებად გრეგოლ კობელი (დორტმუნდი) და ბარტ ვერბრუგენი (ბრაიტონი) ითვლებიან. თუმცა ჯერ „რეალი“ კურტუას გადაწყვეტილებას დაელოდება - კლუბში ფიქრობენ, რომ კარგი კანდიდატურები სატრანსფერო ბაზარზე ყოველ წელს ჩნდება“, - წერს ხორხე პიკონი.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2024 წელს გააფორმა და ერთი სეზონი „ვალენსიაში“ იჯარით გაატარა, 2025 წლის ზაფხულში კი „ენფილდზე“ გადაბარგდა.