ჩაკვეტაძემ სასტარტო 11-ში ითამაშა, გოგლიჩიძე დაასვენეს | უოტფორდის მე-10 მარცხი სეზონში
ინგლისის ჩემპიონშიფის 34-ე ტურში უოტფორდის ქართველმა შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ იფსვიჩთან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა შესვენებისას მთავარმა მწვრთნელმა ედვარდ სტილმა მისი შეცვლა გადაწყვიტა.
უოტფოდი შინ იფსვიჩთან 0:2 დამარცხდა. ორივე ტაიმში თითო გოლი გაუშვა. ამ სეზონში 34-დან 12 მატჩი მოიგო, 12 ფრედ ითამაშა, 10 დათმო. სატურნირო ცხრილში 48 ქულით მე-12 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულთან სხვაობა ექვს ქულამდე გაიზარდა.
ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის ზედიზედ მე-18 მატჩში ითამაშა. საუკეთესო ფორმისგან კვლავ შორსაა, მის აქტივში მხოლოდ 1 საგოლე პასია. დღევანდელ მატჩშიც საუკეთესო თვისებების გამოვლენა გაუჭირდა, მისი შეცვლა მოულოდნელი არ ყოფილა.
უოტფორდის სამატჩო განაცხადში ამპლუით მცველი საბა გოგლიჩიძე არ იმყოფებოდა. კრისტალსპორტის ინფორმაციით, საბა ჯანმრთელადაა, ტრავმა არ აწუხებს, მთავარმა მწვრთნელმა მისი დასვენება გადაწყვიტა.
საბა უდინეზეს ფეხბურთელია და ამ ზამთარში უოტფორდს სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. ჩემპიონშიფში სამი მატჩი ჩაატარა, წარუმატებელი დებიუტის შემდეგ პრესტონთან და დერბისთან შესანიშნავი იყო, რაც მთავარმა მწვრთნელმაც აღნიშნა.
„ის, თუ როგორ გაუმკლავდნენ დღეს ჯეიმს აბანკვა და საბა გოგლიჩიძე მეტოქის თავდამსხმელს [პატრიკ აგიემანგს], უბრალოდ ფანტასტიკური იყო'' - აღნიშნა სტილმა დერბისთან მოგებული მატჩის შემდეგ, როცა უოტფორდმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა (იხილეთ).
ჩემპიონშიფის მომდევნო ტურში, 27 თებერვალს უოტფორდი ბრისტოლს ესტუმრება.