„გრიგალაშვილი: მსოფლიოს მეფე“ - EJU ტატოზე წერს
-81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ძიუდოისტმა, ტატო გრიგალაშვილმა 2022 წელი შთამბეჭდავად დაასრულა.
23 წლის ფალავანი გასულ წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, დეკემბრის ბოლოს კი შემაჯამებელი მასტერსის ჩემპიონობაც იზეიმა. გრიგალაშვილმა 2022 წელი -81 კგ. წონითი კატეგორიის პირველ ნომრად დაასრულა, თუმცა ის რეიტინგს არამხოლოდ თავის წონაში, არამედ ზოგადად, ძიუდოისტთა საერთო ჩათვლაშიც ლიდერობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 23 წლის ძიუდოისტი ცალსახად სპორტის ამ სახეობაში 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა.
ტატო გრიგალაშვილის განვილი წელი ევროპული ძიუდოს კავშირმა შეაფასა.
რას წერია EJU.NET-ზე:
2021 წელს, როდესაც ის რეიტინგის სათავეში მოექცა, ხალხი მაშინვე ამ ახალგაზრდა ნიჭზე ალაპარაკდა. ახლაც, ის მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა უკვე მოასწრო 2021 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრძოლა და მასტერსის ჩემპიონობა. ამ ეტაპზე, მას ოლიმპიურმა მედალმა თავი აარიდა, თუმცა 2022 წელს ბრწყინვალე შედეგს მიაღწია. მან სოფიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა, გააუმჯობესა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალის შედეგი და გახდა წითელი არშიის მფლობელი, შემდეგ კი იერუსალიმში თავისი სტილითა და ყველა საბრძოლო მანევრით მასტერსის ტიტული დაიცვა.
ეჭვგარეშეა, რომ ის -81 კგ. წონითი კატეგორიის მბრძანებელია, მაგრამ ტაშკენტში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბელგიელი მატიას კასესთვის გვირგვინის მოპარვა მარტივი არ ყოფილა. ადრე, ბევრს სჯეროდა, რომ -66 კგ.წონით კატეგორიაში ჰიფუმი აბესა და იოშირო მარუიამას შორის გამართული ფინალი ყველაზე გამორჩეული იქნებოდა, თუმცა ის მღელვარება, რაც -81 კგ. წონით კატეგორიაში შეიქმნა, უბრალოდ შეუდარებელია. ეს იყო ბრძოლა, თითქმის გაორმაგებული დროით, რომელშიც გრიგალაშვილმა შედეგიანი გდება ოქროს ქულიდან 3 წუთსა და 58 წამში შეასრულა. ეს ბრძოლა 2022 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო, რომელიც ისტორიაში ჩაიწერება.
შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილმა 2022 წლის გაზაფხულზე ჯერ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, შემოდგომაზე კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ორივე შემთხვევაში, ქართველმა ძიუდოისტმა ფინალურ შეხვედრაში ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა.