„მან ახალი რეალობა და ეპოქა შექმნა“ - EJU-ს სტატია შოთა ჩოჩიშვილზე
Aa
Aa

„მან ახალი რეალობა და ეპოქა შექმნა“ - EJU-ს სტატია შოთა ჩოჩიშვილზე

ევროპის ძიუდოს კავშირმა ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, შოთა ჩოჩიშვილი გაიხსენა. EJU-მ საკუთარ ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა და 1972 წლის ოლიმპიადის ტრიუმფატორზე დაწერა.

„2022 წლის ყველაზე ამაღელვებელ ღონისძიებას ვუახლოვდებით და მალე ევროპის საკლუბო ჩემპიონატს, ჩემპიონთა ლიგას ვიხილავთ. მსოფლიოს საუკეთესო გუნდები იკრიბებიან და ერთმანეთს ტიტულისთვის ერკინებიან, მაგრამ სანამ ისინი ბრძოლისთვის ფიზიკურად და მენტალურად ემზადებიან, გავიხსენოთ, რომ წლეულს, ეს ტურნირი ქართველი ეროვნული გმირის ხსოვნას ეძღვნება, რომელიც თავის ბრძოლაში 2009 წელს დამარცხდა.

შოთა ჩოჩიშვილმა მოახერხა და 22 წლის ასაკში საქართველოს გმირი გახდა. მაშინ ის საბჭოთა კავშირის დროშის ქვეშ გამოდიოდა და 1972 წელს, მიუნხენში ოლიმპიური ოქრო აიღო. იმ ოლიმპიადიდან 50 წელია გასული და ამ უქმეებზე, გორში ჩანიშნულ ღონისძიებაზე, რომელზეც მოქმედ და მომავალ ქართველ ძიუდოისტებს ვიხილავთ, შეგვეძლება, წარმატებული წარსულით ვისიამოვნოთ.

ჩოჩიშვილმა ახალი რეალობა და ეპოქა შექმნა, რომლის შემდეგაც ქართულმა ძიუდომ აღზევება დაიწყო. გორი ძიუდოს ქალაქია, სადაც არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ძიუდოსთან კავშირი არ აქვს. სწორედ ამიტომ, ეს ტურნირი ტარდება ძიუდოს ქალაქში, სადაც ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი დაიბადა. ახალმა თაობამ უნდა იცოდეს, რამდენად რთულია ოლიმპიური მწვერვალისკენ მიმავალი გზა და პატრიოტულ სულს, თავდაუზოგავ მუშაობასა და საქმისადმი სიყვარულს ქვეყნისთვის რის მოტანა შეუძლია.

ვინც ოლიმპიადების ისტორია კარგად არ იცით, გეტყვით, რომ ჩოჩიშვილი სუპერვარსკვლავი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის და ოლიმპიური თამაშების მთავარი ფავორიტის, იაპონელი სასაჰარა ფუმიოს დამარცხებით გახდა. შემდეგ იყო დავიდ სტარბრუკი, რომელმაც ჩოჩიშვილს მოუგო. ეს მოვლენების კატასტროფული განვითარება იქნებოდა, თუმცა მაშინდელმა წესებმა ქართველს ფინალში გასვლის შანსი მისცა, რაც მან კარგად გამოიყენა და ბრიტანელს მეორედ შეხვდა. მეორე დაპირისპირება ჩოჩიშვილის სასარგებლოდ დასრულდა და იგი ოლიმპიურ პოდიუმზე ავიდა.

შოთას ანგარიშზე კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი, მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაო და 4 ევროპული მედალია. იგი 2009 წელს, კიბოთი გარდაიცვალა და 2015 წელს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ჯილდო მისმა შვილმა, რამაზმა ჩაიბარა, რომელიც ევროპირველობის სამგზის მედალისტია. ბუნებით მებრძოლი ჩოჩიშვილი სიმსივნეს წლების განმავლობაში ებრძოდა. მან ოპერაცია გაიკეთა და ქიმიოთერაპიის კურსიც ჩაიტარა. ამ უქმეებზე, შესანიშნავ სპორტსმენსა და მებრძოლს ვიხსენებთ. ადამიანს, რომელიც ქართული შესანიშნავი შვიდეულიდან, რომლებმაც ოლიმპიური ოქრო მოიგეს, პირველი იყო“, - წერს EJU.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 2 ქართულ გუნდს, „გოლდენ გორსა“ და „მებრძოლებს“ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება - მისი მეტოქე რეიტინგის მე-8 ნომერია
რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება - მისი მეტოქე რეიტინგის მე-8 ნომერია