ჩემპიონთა ლიგაზე წესები იცვლება - გახსნითი მატჩი მოქმედი ჩემპიონისთვის
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგაზე წესები იცვლება - გახსნითი მატჩი მოქმედი ჩემპიონისთვის

უეფა-ს მთავარი საკლუბო საფეხბურთო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფორმატში ცვლილება შევა – 2027/2028 წლის სეზონის პირველ შეხვედრაში მონაწილეობას ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მიიღებს. შეხვედრა სამშაბათ დღეს, სხვა მატჩებისგან დამოუკიდებლად გაიმართება.

ლიგის ფაზის პირველი ტურის დარჩენილი თამაშები ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ჩატარდება. UC3-ის სახელით ცნობილი ამ მოდელის დანერგვა უეფა-სა და ევროპული საფეხბურთო კლუბების საერთო წამოწყებაა.

აღნიშნულ სისტემას აქტიურად იყენებენ ამერიკულ სპორტებში. NBA-ის (საკალათბურთო ლიგა), NFL-ისა (ამერიკული ფეხბურთის ლიგა) და NHL-ის (ჰოკეის ლიგა) ყოველი ახალი სეზონი მოქმედი ჩემპიონის შეხვედრით იხსნება.

უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის ფორმატში ძირეული ცვლილებები 2024 წლიდან შეიტანა. გაუქმდა ჯგუფური ეტაპი და დაარსდა ლიგის ფაზა, რომელში მონაწილეობასაც 36 გუნდი იღებს. არსებობს საერთო ცხრილი, თითოეული გუნდი რვა მატჩს ატარებს, ხოლო პლეი-ოფში ბრძოლას საუკეთესო შედეგის მქონე 24 გუნდი აგრძელებს.

განახლებული ფორმატით ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის პირველი გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ გახდა, რომელმაც 2025 წლის 31 მაისს მიუნხენში გამართულ ტურნირის ფინალში მილანის „ინტერი“ დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები