ზინედინ ზიდანი, სერ ალექს ფერგიუსონი, დევიდ ბექჰემი, რუუდ ვან ნისტელროი, რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

რონალდოს ჰეთ-თრიკი და დადუმებული ოლდ ტრაფორდი - მაგია კიჭას შესრულებით

ბოლო წლებში ასეთი რამ სულ უფრო იშვიათად ხდება, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც „ოლდ ტრაფორდზე“ სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სათამაშოდ ჩასულ ნებისმიერ გუნდს მძიმე გამოცდა ელოდებოდა. „მანჩესტერის“ გულშემატკივრები ტრიბუნებზე დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნიდნენ, მოედანზე კი „წითელი ეშმაკების“ დამარცხება თითქმის შეუძლებელი იყო. თუმცა 2003 წელს, ფერგიუსონის სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო წლებში, „ოლდ ტრაფორდს“ მადრიდის „რეალი“ ეწვია - სამეფო კლუბის არსენალში ისეთი იარაღი იყო, რომელიც განსხვავებას ქმნიდა - სახელად რონალდო.

ბრაზილიელი ფორვარდი მოედანზე უბრალოდ შეუჩერებელი იყო და წინა სეზონი მან საუცხოოდ ჩაატარა: ტრავმის გამო კარიერის დასრულების ზღვარზე მყოფმა რონალდომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რეკორდები დაამყარა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ტრანსფერი დაიმსახურა, სადაც ახლა „ბლანკოსის“ რიგებში სადებიუტო სეზონს ატარებდა. მიუხედავად ზემოთქმულისა, ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა და „ოქროს ბურთის“ ასევე ორგზის გამარჯვებულმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ ჩაატარა.

რონალდო ნაზარიო 

„სამეფო კლუბი“ მანჩესტერში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის სათამაშოდ ჩავიდა - „ბლანკოსს“პირველ მატჩი მოპოვებული გამარჯვებაც უმაგრებდა ზურგს (3:1). „იუნაიტედს“ ბოლო წლებში არაერთი „ქამბექი“ ჰქონდა გაკეთებული და ახლაც, საკუთარ მოედანზე, ამის გაკეთებას აპირებდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალს ამ სეზონში სწორედ „ოლდ ტრაფორდი“ მასპინძლობდა, ასე რომ, „წითელი ეშმაკებისთვის“ ამ მატჩის მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლა აახლოვებდა მიზანთან, რომელზეც ნებისმიერი გუნდის გულშემატკივარი ოცნებობს - ჩემპიონთა ლიგის მოგება საკუთარ მოედანზე. ეჭვგარეშე იყო, რომ ფერგიუსონი თავის გუნდს სათანადოდ მოამზადებდა, თუმცა ერთი ფეხბურთელის სიდიადის წინააღმდეგ ის ვერაფერს გახდა.

„იუნაიტედმა“ მატჩი კარგად დაიწყო, რაიან გიგზი და რუუდ ვან ნისტელროი იკერ კასილასის კარს უტევდნენ, მაგრამ 15 წუთის შემდეგ მასპინძელთა შეტევები ჩაცხრა. „გალაქტიკოსის“ სწრაფ გადაადგილებას „წითელი ეშმაკები“ ფეხს ვერ უწყობდნენ. გუტიმ მოედნის ცენტრში ბურთი ზიდანისგან მიიღო და რონალდო მოძებნა, ბრაზილიელმა კი ერთი შეხებით ფაბიენ ბარტეზს ახლო კუთხეში დაურტყა და „რეალი“ დააწინაურა. „იუნაიტედის“ ამოცანა კიდევ უფრო გართულდა.

ამ პოზიციიდან გატანა მარტივი არ იყო - კუთხე საკმაოდ მახვილი იყო, კარში კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი იდგა, მაგრამ ეს გოლი ყველაზე კარგად ახასიათებს რონალდოს და მის გოლის ალღოს. ვან ნისტელროიმ ანგარიში პირველსავე ტაიმში გაათანაბრა, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე „რეალი“ ისევ წინ გავიდა - ზიდანისა და რობერტო კარლოსის სწრაფ „კედელს“ მანჩესტერელმა მცველებმა ვერაფერი მოუხერხეს, კარლოსმა კი საჯარიმოში რონალდო მოძებნა და ბრაზილიელმა დუბლი გაიფორმა. „რეალი“ დაწინაურდა, „ოლდ ტრაფორდზე“ კი სიჩუმემ დაისადგურა.

„მანჩესტერმა“ წონასწორობა ისევ აღადგინა, მაგრამ ამით საქმე არ დამთავრებულა: 59-ე წუთზე რონალდომ მორიგი შედევრი შექმნა და ამჯერად ინგლისელთა ნელი მცველების ან ბარტეზის დადანაშაულება შეუძლებელი იყო - ეს ნამდვილი მაგია იყო. ბრაზილიელმა ბურთი ფიგუსგან მიიღო, წინ წაიწია და დაახლოებით 25 მეტრიდან ყუმბარასავით გაისროლა.

შეცვლაზე შესულმა ბექჰემმა ორი გოლი გაიტანა, თუმცა რონალდოს ფენომენალური თამაში გადამწყვეტი აღმოჩნდა - „მანჩესტერმა“ 4:3 მოიგო, ორი მატჩის ჯამში კი ნახევარფინალში „ბლანკოსი“ გავიდა.

რონალდო ნაზარიო

67-ე წუთზე, როდესაც „რეალი“ 3:2-ს იგებდა, რონალდო სანტიაგო სოლარიმ შეცვალა, „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრებმა კი ის მოედნიდან აპლოდისმენტების თანხლებით გააცილეს. მასპინძელი გუნდის ფანები ტაშს უკრავდნენ ფეხბურთელს, რომელმაც მათი გუნდი დააჩოქა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უნიკალური შესაძლებლობა წაართვა. ეს იყო დიადი რონალდო - თავისი ეპოქის უდავოდ საუკეთესო ფორვარდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაძევება არგენტინასთან - დღე, როდესაც ბექჰემი მთელმა ინგლისმა შეიძულა
გაძევება არგენტინასთან - დღე, როდესაც ბექჰემი მთელმა ინგლისმა შეიძულა