მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, მარკუს რაშფორდი
Aa
Aa

ჩაგდებული 18 თვე და ახალი მოტივაცია - რა ხდება რაშფორდის კარიერაში?

მარკუს რაშფორდი ბოლო 18 თვის განმავლობაში პრაქტიკულად აღარ ჩანს. ის გამუდმებით სათადარიგოთა სკამზეა და მას ბოლოს არც სულშერი ენდობოდა და არც რალფ რანგნიკი. შესაძლოა ეს ზაფხული ინგლისელი ფეხბურთელისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

მაშინ, როცა რაჰიმ სტერლინგით მსოფლიოს გრანდები ინტერესდებიან, მარკუსი ამაოდ ცდილობს ფორმის აღდგენას. ჯეიდონ სანჩო კიდევ ერთი ინგლისელი შემტევია, რომელსაც პრობლემები აქვს, ხოლო რაშფორდის და სტერლინგის შედარების იგნორირება არ შეიძლება.

რაჰიმის მდგომარეობას პეპ გუარდიოლა ამყარებს. ესპანელი სპეციალისტი ერთ-ერთი ყველაზე ყურადღებიანი მწვრთნელია და საკუთარ მოთამაშეებს მაქსიმალურად ავითარებს. რაშფორდი კი ასე მკაფიოდ საკუთარ კარიერაზე არასდროს ფიქრობდა..

მარკუსი ხშირად ცენტრალური თავდამსხმელის ან მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა გოლის გატანა მისთვის პრიორიტეტი არასდროს ყოფილა. 24 წლის ინგლისელი „მანჩესტერული“ კარიერის დროს სამ მწვრთნელთან მუშაობდა და მის მიმართ შეხედულებები გამუდმებით იცვლებოდა.

ვან გაალმა ის ცენტრალურ პოზიციაზე დააყენა და იმ დროს მარკუსი ბრწყინავდა. მოურინიო სხვანაირად ფიქრობდა. პორტუგალიელი ზლატან იბრაჰიმოვიჩს და რომელუ ლუკაკუს ანიჭებდა უპირატესობას.

სულშერი რაშფორდს იცავდა და გამუდმებით ამტკიცებდა, რომ მას მეტი მოტივაცია სჭირდებოდა, მაგრამ სათანადო ყურადღებას მაინც არ აქცევდა. გავრცელებული ინფორმაციით, მარკუსი ტენ ჰაგს შეხვდა და სთხოვა, რომ ის მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გამოსცადოს.

ცნობილია, რომ რაშფორდმა საზაფხულო შვებულება პირად მწვრთნელთან ვარჯიშისთვის გამოიყენა. ეს იმის დასტურია, რომ მას „იუნაიტედის“ დატოვება არ სურს და ტენ ჰაგთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. მარკუსი ბლინდს და ვან დე ბეეკს ტენ ჰაგის მეთოდებზე ესაუბრა და უფრო კარგად გაიაზრა ნიდერლანდელი სპეციალისტის ფილოსოფია.

24 წლის შემტევი იმედოვნებს, რომ ტენ ჰაგთან ერთად გაცილებით უკეთესი გახდება და ამ ყველაფრის შემდეგ გარეთ საუთგეიტის გეგმებში შევა. მარკუსი ინგლისის ნაკრებში არ გამოიძახეს და ამის შესახებ მთავარ მწვრთნელს ღიად ესაუბრა.

გარეთმა განაცხადა, რომ რაშფორდისა და სანჩოს არ ყოფნამ ინგლისის ნაკრები არ დააზიანა. შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ზე ორივე ფეხბურთელი „სამი ლომის“ დასაყრდენი იყო.

რა თქმა უნდა, ტენ ჰაგის გეგმებში მარკუსის და ჯეიდონის პრობლემების გამკლავება შედის, რადგან პრემიერ ლიგაში ძალიან დიდი კონკურენციაა და აღნიშნული ფეხბურთელების წარმატებული თამაში „იუნაიტედს“ მნიშვნელოვნად გააძლიერებს. შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ ჰოლანდი დაიმატა, ხოლო „ლივერპულმა“ ნუნიესი.

გავრცელებული ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ მაინც აპირებენ თავდამსხმელის ყიდვას, მაგრამ იმის ფონზე, რომ გუნდში რონალდუ, რაშფორდი, სანჩო და ენტონი მარსიალი ირიცხებიან, რთულად წარმოსადგენია ახალი კადრის ხილვა.

რაშფორდის მთავარი გეგმა წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში აქტიურობაა. შეგახსენებთ, რომ 24 წლის თავდამსხმელმა გასული წლის აღნიშნული პერიოდი ოპერაციის გამო გამოტოვა.

მარკუსი აღიარებს, რომ ახლა მისი კარიერა ახლა იმ ეტაპზე არ არის, რომელშიც უნდა იყოს. „მანჩესტერის“ ფეხბურთელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის განმარტოებით დარბაზში ვარჯიშობს. ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისთვის „იუნაიტედი“ მნიშვნელოვანია.

რაშფორდი წონას ზედმიწევნით აკონტროლებს. ასევე დარბის ყოველ დილას და ბურთით განმარტოებით ვარჯიშობს. როგორც ჩანს, მარკუსი ტენ ჰაგის დანიშვნით კმაყოფილია და ოპტიმისტურად არის განწყობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერის დირექტორი: ფული პრობლემა არ არის, დე იონგის გასაფორმებლად ყველაფერს ვაკეთებთ
მანჩესტერის დირექტორი: ფული პრობლემა არ არის, დე იონგის გასაფორმებლად ყველაფერს ვაკეთებთ