არ მჯერა, ჩემთვის სეზონი დასრულდა | ხვადაგიანის უმძიმესი ტრავმა
ისრაელის ჩემპიონატის მე-5 ტურში „მაქაბი ნეთანიას’’ ქართველმა მცველმა საბა ხვადაგიანმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, იერუსალემის „ჰაპოელთან’’ მატჩში წინა ჯვარედინი მყესი გაუწყდა. საბასთვის სეზონი დასრულებულია, ოპერაცია ჩაუტარდება და შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გაივლის. 22 წლის ფეხბურთელი მოედანს შემდეგ ზაფხულში დაუბრუნდება, როცა გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.
„არ მჯერა, ჩემთვის სეზონი დასრულდა'' - დაწერა საბამ Instagram-ის „სთორიში''.
ივნისში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა საბა ხვადაგიანის კაპიტნობით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. სექტემბერში ვილი სანიოლმა საბა ეროვნულ ნაკრებში იხმო, თუმცა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.
მიმდინარე სეზონში საბა ისრაელის ჩემპიონატის ხუთივე მატჩში სასტარტოში იყო, თუმცა სამწუხაროდ სეზონი ნაადრევად დაასრულა. კარიერის ამ რთულ მომენტში ჯანმრთელობა და მენტალური სიმტკიცე ვუსურვოთ.
Transfermarkt-ი საბას ნახევარ მილიონ ევროდ აფასებს.