„ნიკო უილიამსის შეძენა არ გვსურდა, სხვა პროფილის შემტევს ვეძებდით“ - დეკუ
ბარსელონას სპორტული დირექტორის, დეკუს განცხადებით, კატალონიური კლუბი ზაფხულში ნიკო უილიამსის დამატებას არ განიხილავდა. ამის შესახებ პორტუგალიელმა Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ზაფხულში ჩავთვალეთ, რომ მარცხენა ფლანგი უნდა გაგვეძლიერებინა. გვჭირდებოდა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მარცხენა გარემარბად ითამაშებდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშსაც შეძლებდა. ამ მოთხოვნებს პასუხობდნენ ლუის დიასი და მარკუს რაშფორდი.
დანარჩენი უკვე მოლაპარაკებების პროცესზე იყო დამოკიდებული. მეორე მხარეს ასევე არის კლუბი, რომელსაც ამ ფეხბურთელების შენარჩუნება სურს - ამ შემთხვევაში, „ლივერპულისა“ და „იუნაიტედის“ სახით. დიასის შემთხვევაში თავიდანვე სირთულეები შეგვექმნა, ვინაიდან „წითლებს“ მისი გაშვება არ სურდათ. რაშფორდთან დაკავშირებით საქმე იმ ფაქტმა გაგვიმარტივა, რომ „იუნაიტედი“ იჯარაზე იყო თანახმა.
ამ დროს გამოჩნდა ნიკო უილიამსი, რომელიც ზუსტად არ შეესაბამებოდა იმ პროფილს, რაც გუნდს სჭირდებოდა. პრესაში მისმა სახელმა გაიჟღერა და შემდეგ ის მოხდა, რაც ყველამ ვიხილეთ. რაშფორდს მარჯვენა ფლანგსა და ცენტრში თამაშიც შეუძლია, დიასს - მეორე ფორვარდად, ხოლო ნიკო უილიამსს - მხოლოდ ფლანგზე. მოლაპარაკებების პროცესი შეიძლება ისე წარიმართოს, რომ რომელიმე კანდიდატურაზე უარის თქმა მოგვიხდეს, მაგრამ ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, თუ რომელი ვარიანტი იყო პრიორიტეტული.
ნიკო ძალიან კარგი ფეხბურთელია და როდესაც ის ტრანსფერის სურვილს გამოთქვამს, მისი აგენტი გვიკავშრდება და ვსაუბრობთ - ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. რაღაც მიზეზის გამო ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ მას არ აკმაყოფილებს ჩვენი შეთავაზება, კი აგენტს საკუთარი მიზნები ამოძრავებდა. თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ვიცოდით, რომ სხვა ტიპის ფეხბურთელი გვჭირდებოდა.
რატომ ჩაიშალა შეთანხმება? ჩვენ გავაცანით კლუბის პირობები, შემდეგ კი დავთქვით საბოლოო ვადა, როდესაც მათგან პასუხი უნდა მიგვეღო. ეს პასუხი არ მიგვიღია და ჩვენი გზები გაიყარა“.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ნიკო უილიამსი „ბარსელონაში“ გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა საბოლოო ჯამში „ბილბაოსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.