„სატიტულო შანსი გეიჯიმ დაიმსახურა“ - დასტინ პორიე
დასტინ პორიემ, რომელმაც კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი აზრით, ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე ჯასტინ გეიჯი უნდა იყოს.
რას ამბობს „ბრილიანტი“:
„სატიტულო შანსი გეიჯიმ დაიმსახურა. ის ძალიან კარგი სტრაიკერია. თუ ის დაუფიქრებლად შეუტევს და ამ დროს თოფურიას ერთ-ერთი დარტყმა მოხვდება, ბრძოლა ჯასტინისთვის ძალიან ცუდად დასრულდება. თუმცა, ამავდროულად, მას შეუძლია, ილიას პრობლემები შეუქმნას.
ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: პედი პიმბლეტი იმსახურებს პატივისცემას იმისთვის, რაც მან გააკეთა, მაგრამ არა მგონია, რომ მაიკლ ჩენდლერის დამარცხებით მან პირდაპირ სატიტულო ჩხუბი დაიმსახურა. ვიცი, რომ პედი ხალხს მოსწონს, თუმცა ვისურვებდი, რომ ტოპ-ხუთეულიდან ვინმეს კიდევ ერთხელ ეჩხუბოს.
მან კიდევ ერთი რთული ტესტი უნდა ჩააბაროს, რის შემდეგაც შეიძლება სატიტულო ჩხუბზეც ვისაუბროთ. მაგალითად, სიამოვნებით ვნახავდი პიმბლეტი-ჰოლოუეის ჩხუბს. პედის დონე ამ ჩხუბში ნათლად გამოჩნდებოდა“.
ცნობისთვის, ჯერჯერობით უცნობია, როდის და ვის წინააღმდეგ გამართავს ილია თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულის პირველ დაცვას.
აქვე გეტყვით, რომ ჯასტინ გეიჯიმ ბოლოს მიმდინარე წლის მარტში იჩხუბა, როცა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით რაფაელ ფიზიევი დაამარცხა. გეიჯის ანგარიშზე MMA-ში 26 მოგება და 5 მარცხია. ის მსუბუქი წონის ყოფილი დროებით ჩემპიონი და BMF-ის ქამრის ყოფილი მფლობელია.