საფეხბურთო აგენტი, მამუკა ჯუღელი ქართულ კლუბთან ითანამშრომლებს
საფეხბურთო სეზონის განახლების წინ, ქართული გუნდები აქტიურ მზადებას გადიან და სიახლეებს აანონსებენ.
სიახლეებია კოლხეთი 1913-ის რიგებშიც. CrystalSport-ის ინფორმაციით, გუნდი ცნობილ საფეხბურთო აგენტთან, მამუკა ჯუღელთან თანამშრომლობას იწყებს. CrystalSport-ის ინფორმაციითვე, კლუბის იჯარით აყვანა სურს კომპანიას, რომელსაც მამუკა ჯუღელი შუამავლობს.
შეგახსენებთ, რომ ჯუღელი ქართულ საფეხბურთო სივრცეში კარგად ნაცნობი აგენტია, ის არაერთი ქართველი ფეხბურთელის აგენტი არის ან ყოფილა, მათ შორის არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები: ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი აზაროვი, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე, სოლომონ კვერკველია , გიორგი აბურჯანია, ჯაბა კანკავა, ასევე, გიორგი არაბიძე, გიორგი პაპავა და გიორგი ხაბულიანი.
რამდენიმე დღის წინ კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მატებაა სამწვრთნელო შტაბში: მთავარ მწვრთნელს გია გიგატაძეს, ასისტენტს ნუგზარ თვარაძეს და მეკარეების მწვრთნელს ზვიად გვასალიას, ასისტენტის რანგში დათო კვირკველია დაემატება, რომელიც წლების განმავლობაში აღნიშნული გუნდის რიგებში გამოდიოდა. კვირკველიას ასევე უასპარეზია საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც.
კლუბის განმარტებით, იგეგმება შემადგენლობის გაძლიერებაც.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე კოლხეთი 1913 ლიგა 3-ში ასპარეზობს. დასრულებულ სეზონში გუნდმა ლიგა 2-ის პლეი-ოფების შეხვედრები რუსთავის წინააღმდეგ გამართა, თუმცა ლიგა 2-ში გადასვლა ვერ შეძლო.