შეთანხმება ყველა დეტალზე შედგა | გიოკერეში არსენალში ითამაშებს
ფაბრიციო რომანოს ცნობით, „სპორტინგსა’’ და „არსენალს’’ შორის ვიქტორ გიოკერეშის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება შედგა. ლისაბონური კლუბი შვედის სანაცვლოდ 63,5 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს 10 მილიონი ბონუსების სახით. მოლაპარაკება ჩიხში შესული იყო, თუმცა ფეხბურთელის აგენტი მისთვის მისაღები საკომისი თანხის შემცირებას დათანხმდა და საბოლოოდ შეთანხმება შედგა.
გიოკერეშმა „არსენალის'' გარდა ყველა წინადადება დაბლოკა, მას „იუვენტუსი'' და „მანჩესტერ იუნაიტედი'' იწვევდნენ, მაგრამ მისთვის პრიორიტეტი მიკელ არტეტას გუნდში გადასვლა იყო.
Transfemarkt-ის მონაცემებით, გიოკერეშმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 52 მატჩში 54 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა. ყველა ტურნირზე შედეგიანი იყო, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი სტატისტიკა პორტუგალიის ჩემპიონატში დააფიქსირა, 33 მატჩში 39 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე სამუ აგეჰოვა და ვანგელის პავლიდისი გავიდნენ, მათ გიოკერეშმა 20 გოლით გაასწრო.