ვოლკანოვსკი: მაქსის ყბა ისევ ისეთი გამძლეა? არ მგონია... მან სტრატეგია უნდა შეცვალოს
ალექსანდრ ვოლკანოვსკი UFC 318-ზე მოგების შემდეგ თავისი დიდი ხნის მეტოქის მიმართ საქებარი სიტყვებით გამოვიდა - „ვოლკმა“ მაქს ჰოლოუეი შეაქო, თუმცა გარდა ამისა, მისი პრობლემის შესახებაც ისაუბრა.
მთელი კარიერის განმავლობაში, მაქს ჰოლოუეი ბევრისთვის UFC-ის ყველაზე გამძლე „ყბის“ მფლობელად ითვლებოდა.
თუმცა ყოფილი ჩემპიონი უკვე ზედიზედ მესამე ბრძოლაში ნოკდაუნში აღმოჩნდა, მათ შორის, ერთი ნოკაუტიც იყო, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში, UFC 308-ზე ილია თოფურიასგან მიიღო.
ვოლკანოვსკის აზრით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჰოლოუეის უკვე აღარ აქვს ის გამძლეობა, რაც ადრე ჰქონდა.
„მაქსი ასეთი დარტყმების ქვეშ ჯერ არ გვინახავს. ანუ, ვგულისხმობ რომ იგი ასე სერიოზულად დაშავებულიყო. არ ვიცი, ცუდია ამის თქმა, მაგრამ მაინც... ის ძველი „ყბა“ ისევ დარჩა? ნამდვილად არ ვიცი.
ვერ ვიტყვი, რომ ისევ ისეთი ძლიერია. ასე რომ, თუ კიდევ იჩხუბებს ან ზოგადად მომავალში რას იზამს, ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია მაქსს აღარ ექნება იმის ფუფუნება, რომ მსგავსად ძველი დროისა მხოლოდ თავის გამძლეობას დაეყრდნოს, მან უფრო სტრატეგიულად უნდა იფიქროს და სტილი შეცვალოს“.
- განაცხადა ვოლკანოვსკიმ.