„ეს ჩვენთვის მძიმე დარტყმაა“ - მარსელინო თასიდან გავარდნასა და ჟორჟის გამოუყენებელ მომენტებზე
გუშინ, ესპანეთის თასის 1/8 ფინალში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ სტუმრად სანტანდერის „რასინგს“ დაუპირისპირდა, 2:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსიც ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ქართველმა შემტევმა თავისი მომენტები ვერ გამოიყენა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინომ, განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა მარსელინომ:
„დეკემბერი ჩვენთვის საუკეთესო თვე არ ყოფილა. ბევრი სამწუხარო მომენტი გვქონდა. რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ მეტოქემ ჩვენს კარში სამჯერ დაარტყა და სამი გოლი გაიტანა, დღეს კი — ორი დარტყმა და ორი გოლი... ბევრი შანსი შევქმენით, მაგრამ გოლები ვერ გავიტანეთ. ფეხბურთში ხშირად ხდება ასე და ამიტომ უნდა გაგვიგოთ. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ გუნდი რამეში უნდა დავადანაშაულოთ — არც „კოპენჰაგენთან“ ბოლო მატჩში და არც „რასინგთან“ დღევანდელ შეხვედრაში. პირველივე წუთიდან ვეცადეთ, რომ შემტევი და კონტროლირებადი მატჩი გვქონოდა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ადრეული შანსი გამოიყენა. ამ გოლამდე გვქონდა ანგარიშის გახსნისა და შემდეგ გათანაბრების შანსები, მაგრამ... მოწინააღმდეგემ მეორე შეცდომითაც ისარგებლა. ასეთი შეცდომები თავიდან უნდა ავიცილოთ, მაგრამ არის დრო, როდესაც მათ მაინც უშვებ. ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ როდესაც ჩვენს საჯარიმოში ბურთი შემოდის, თითქმის ყოველთვის გოლს ვუშვებთ, საპასუხოდ კი რასაც ვქმნით, ბოლო პასის გაკეთებას ან შედეგიანი დარტყმის განხორციელებას ვეღარ ვახერხებთ“.
„ჩემპიონთა ლიგიდან და შემდეგ უკვე თასიდან გავარდნა დიდი დარტყმაა. შესაძლოა, „კოპენჰაგენთან“ ჩვენი თამაში დამაჯერებელი არ ყოფილა, მაგრამ შანსები გვქონდა და სამწუხარო მარცხი განვიცადეთ. დღეს კი გამოვეთიშეთ შეჯიბრს, სადაც ფინალამდე 5 მატჩი გვქონდა დარჩენილი. ეს ძალიან რთულია, მაგრამ სეზონი გრძელდება და ფეხზე უნდა წამოვდგეთ. ოთხ დღეში მომდევნო მატჩი გველის, ძალები უნდა აღვიდგინოთ“.
მიქაუტაძის გამოუყენებელ მომენტებზე: „თამაშის დაწყებისთანავე მიქაუტაძეს საჯარიმოს შიგნიდან ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა. მალევე, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, ხელსაყრელი მომენტი შეიქმნა: საჯარიმოში უკან დაბრუნებული პასის შემდეგ დარტყმა განხორციელდა — ზუსტად არ მახსოვს, ეს სანტი კომესანია იყო თუ ისევ მიქაუტაძე. ამის შემდეგ ბევრი შეტევა გვქონდა, თუმცა ბოლო პასებს მეტოქე გვიჭრიდა.
მეორე ტაიმში ტანიმ ხელსაყრელი პოზიციიდან, კარის წინ, ბურთი ხარიხას გადააცილა. მოგვიანებით ისევ მიქაუტაძემ დაარტყა მცირე მანძილიდან, თუმცა ბურთი მეკარეს მოხვდა. კიდევ ერთი მომენტი გვქონდა, რომელიც მეკარემ მოიგერია - ყველა ეს დარტყმა უშუალოდ მეტოქის საჯარიმოდან სრულდებოდა.
„ბოლო გოლის ეპიზოდში კარისკენ ხუთჯერ ვისროლეთ და ბურთი ბადეში თითქმის შემთხვევით აღმოჩნდა. როდესაც ასეთი მომენტები გაქვს და ვერ გაგაქვს, რთულია. პირველ ტაიმში ჩემმა ასისტენტმა სტატისტიკა მაჩვენა: „რასინგს“ მხოლოდ ორი მომენტი ჰქონდა, ჩვენ კი - მინიმუმ ათი. შეიძლება სხვა თამაშს ვუყურებდი და ვცდები, მაგრამ რეალობა ასეთი იყო“.
„ვილიარეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი, თუმცა გუნდს პლეი-ოფში გასვლის შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს. მართალია, მცირე თეორიული შანსი მაინც რჩება, მაგრამ ეს, ალბათ, მხოლოდ 1%-ში შეიძლება მოხდეს. ახლა მარსელინოს გუნდს მხოლოდ ლა ლიგის ტიტულისთვის მოუწევს ბრძოლა. 17 ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 35 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. მარსელინოს გუნდი ლიდერ „ბარსელონას“ 8 ქულით, მეორადგილოსან „რეალს“ კი 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა კონკურენტებთან შედარებით ორით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. 21 დეკემბერს „ვილიარეალი“ ლა ლიგის მომდევნო ტურში სწორედ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.