ცარუკიანი: გეიჯიც და პიმბლეტიც სავარჯიშო ტომრები არიან
UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგის პირველმა ნომერმა, არმან ცარუკიანმა, განაცხადა, რომ ამერიკელი მებრძოლი ჯასტინ გეიჯი და ბრიტანელი პედი პიმბლეტი უბრალოდ „ტომრები“ არიან, თუმცა დაადასტურა მზადყოფნა, რომ მათი ორთაბრძოლა დააზღვიოს.
კითხვაზე, რომელი მათგანი იქნებოდა სასურველი მეტოქე, სომეხმა მებრძოლმა ასე უპასუხა:
„სიმართლე გითხრათ, ორივე სავარჯიშო „ტომარაა“. „ტომრები“, რომლებისთვისაც ისევე უნდა მოემზადო, როგორც სატიტულო ბრძოლისთვის, რადგან ბრძოლაში ყველაფერი ხდება. თუმცა, ვხედავ, რომ ისინი ჩემი დონის არ არიან. სწორედ ამიტომ არ ვჩხუბობ იქ. უფრო სუსტი რომ ვიყო, ცალსახად იქ ვიქნებოდი. თუ რომელიმე მათგანი ტრავმას მიიღებს, მე გავალ საბრძოლველად“.
შეგახსენებთ, რომ გეიჯი-პიმბლეტის დროებითი სატიტულო ბრძოლა UFC 324-ის მთავარი მოვლენა გახდება, რომელიც 24 იანვარს, ლას-ვეგასში გაიმართება. ამ დაპირისპირების გამარჯვებული დიდი ალბათობით ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე იქნება.
გეტყვით ასევე, რომ არმანმა ბოლო ბრძოლა დენ ჰუკერის წინააღმდეგ გამართა და დომინანტურ სტილში, მახრჩობელა ილეთით მოიგო.