კვარას გოლი და საფონოვის გმირობა - პსჟ-მ საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო
FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ დაუპირისპირდა და ძირითადი დროის 1:1-ის დასრულების შემდეგ, პენალტების სერიაში 2:1 გაიმარჯვა.
კატარში გამართული ფინალის პირველი ტაიმი პარიზელებმა ხვიჩა კვარაცხელიას გოლით 1:0 მოიგეს. კვარამ დეზირე დუეს პასითა და მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ზოგადად, ხვიჩას კარგი მატჩი ჰქონდა, აქტიური იყო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც და რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნა. საბოლოოდ, ქართველმა შემტევმა 90 წუთი ითამაშა და ლუის ენრიკემ დამატებით დროში აღარ ათამაშა. მოედანზე მის ნაცვლად მბაიე გამოჩნდა.
ხვიჩამ Sofascore-ის მიხედვით შეფასება 7.9 აიღო (გუნდში მე-3 საუკეთესო შედეგი მენდეშისა და საფონოვის შემდეგ - 8.5).
კვარას ყველა მომენტი
რაც შეეხება „ფლამენგოს“ და უშუალოდ მატჩს, ბრაზილიელებმა მეორე ტაიმის სტარტზე იაქტიურეს და 62-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლებაც მიიღეს, რომელიც გოლად ჟორჟინიომ აქცია.
პარიზელებს ძირითად დროში გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა კვარას მოპოვებული ჯარიმის შემდეგ, „ფლამენგოს“ საჯარიმოში შექმნილი არეულობით დემბელემ ისარგებლა და მარკინიოსს თითქმის ცარიელ კარში გატანა მართებდა, თუმცა ბურთს სწორად ვერ მიუდგა.
დამატებით დროში პსჟ სრულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა დემბელემ და ბარკოლამ მომენტები ვერ გამოიყენეს. გამარჯვებული კი პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელშიც უფრო ზუსტი პარიზელები გამოდგნენ და 2:1 მოიგეს.
პენალტების სერიის გმირი პარიზელთა რუსი მეკარე მატვეი საფონოვი გამოდგა, რომელმაც 4 დარტყმულის მოგერიება შეძლო და თავის გუნდს საკონტინენტთაშორისო თასი მოაგებინა (პსჟ-ს მხრიდან დარტყმები დემბელემ და ბარკოლამ გააცუდეს, ვიტინიამ და მენდეშმა გაიტანეს).
მატჩის სრული მიმოხილვა