„ძალიან ენერგიული იყო, პარადოქსული ტაიმი ჰქონდა“, - ფრანგული პრესა კვარაზე
პსჟ-მ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბრაზილიური „ფლამენგო“ პენალტების სერიაში 2:1 დაამარცხა. ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ 1:1 დასრულდა.
პარიზელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც ჯამში 90 წუთი ითამაშა და დამატებითი ტაიმების წინ ლუის ენრიკემ შეცვალა.
ფრანგული პრესა ხვიჩას თამაშს ორაზროვნად გამოეხმაურა. რიგი გამოცემები ხვიჩას აქებენ, ზოგი კი აკრიტიკებს.
Footmercato - (5.5):
„ქართველს პარადოქსული პირველი ტაიმი ჰქონდა. მასზე ხშირად ჯარიმდებოდნენ, მარცხენა ფლანგზე კი მეტოქემ მისი შეკავება მეტ-ნაკლებად შეძლო. მიუხედავად შთაგონების ნაკლებობისა, ნაპოლის ყოფილმა მოთამაშემ მაინც მოახერხა გადამწყვეტი როლის შესრულება და დუეს პასის შემდეგ ანგარიში გახსნა, რომელიც მეტოქის მეკარემ წარუმატებლად მოიგერია. მატჩის დარჩენილი ნაწილი მისი ჩვეული აქტიურობით გამოირჩეოდა, თუმცა ეს ფლამენგოს დასაბნევად საკმარისი არ აღმოჩნდა. დამატებითი დროის დასაწყისში იგი მბაიემ შეცვალა“.
Parisfans - (4):
„ძალიან საშუალო პირველი ტაიმი და ერთი გოლი - ეს არის ის, რაც მან გუნდს შესთავაზა. ამის მიუხედავად, ვერ უარვყოფთ მის ენერგიას დაცვასა და პრესინგში. საბოლოო ჯამში, მან ცოტას მიაღწია. დამატებითი დროის დასაწყისში იბრაჰიმ მბაიემ შეცვალა“.
Lequotidiendusport - (5):
„გატანილი გოლის მიუხედავად, ქართველმა თავის გამოჩენა ვერ შეძლო, განსაკუთრებით კი ტექნიკურ ასპექტში“.
Onzemondial - (5.5):
„ფლამენგოს დაცვისგან ძლიერი მეურვეობის ქვეშ მყოფმა ქართველმა საჭირო მომენტში თავი მაინც გამოიჩინა და როსის უხეში შეცდომის შემდეგ, ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. შესვენების შემდეგ ნაკლებად შესამჩნევი იყო, მასზე ხშირად ჯარიმდებოდნენ. ის კვლავაც იზიდავდა მცველებს, თუმცა გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლო. იგი დამატებითი დროის წინ შეცვალეს“.
90min (6):
„მშვიდი სტარტის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ იფიქრა, რომ საქმის რთული ნაწილი უკვე გააკეთა, როდესაც 37-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ქართველი იდეალურად მიჰყვა დეზირე დუეს ჩაწოდებას, რომელიც როსიმ ვერ მოიგერია და ბურთი ბადეში მოათავსა. პარიზელთა შეტევები ხშირად სწორედ მასზე გადიოდა. ტექნიკურად გამართულმა კვარაცხელიამ მეორე ტაიმში რამდენიმე შესანიშნავი მომენტი წამოიწყო (50-ე, 72-ე წუთები). მან ასევე დაუღალავად იმუშავა დაცვით ფაზაშიც“.
Maxifoot - (6.5):
„ბურთის კონტროლსა და დრიბლინგში საინტერესო იყო, თუმცა საწყის ეტაპზე მეტოქის საჯარიმოსთან დიდ საფრთხეს ვერ ქმნიდა. საბოლოოდ, ქართველმა პირველი ტაიმის ბოლოს იჩინა თავი და დუეს გადაცემით გოლი გაიტანა. ამის შემდეგ იგი ცდილობდა მეტოქის საჯარიმოში შერბენებით მატჩზე გავლენა მოეხდინა, თუმცა დუბლის შესრულება ვერ შეძლო. 91-ე წუთზე იბრაჰიმ მბაიემ შეცვალა“.
პარიზელებმა უამრავი მომენტის შექმნის მიუხედავად, მატჩის მოგება პენალტების სერიაში შეძლეს, რაც მათი რუსი მეკარის მატვეი საფონოვის დამსახურებაა, რომელმაც მეტოქის 4 დარტყმა მოიგერია.
კვარას ყველა მომენტი
მატჩის სრული მიმოხილვა