„ხვიჩა ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია“ - სიომინმა კვარაზე ისაუბრა
მოსკოვის „ლოკომოტივში“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა Sport-Express-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩა საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც მას მწვრთნელობის პერიოდში უმუშავია. იური სიომინმა ქართველი შემტევის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
რას ამბობს სიომინი:
„ვინ არის ყველაზე ნიჭიერი, ვისთანაც მიმუშავია? უდავოდ, ხვიჩა კვარაცხელია! როდესაც პირველად შევხვდი, მაშინვე ცხადი გახდა, რომ წარმოუდგენელი ნიჭი ჰქონდა. თუმცა, კარიერის საწყის ეტაპზე ის დრიბლინგის გარდა თითქმის არაფერს აკეთებდა — ამ თვისებით ის ნამდვილად გამორჩეული იყო. ასევე, ის ძალიან ჭკვიანიცაა და იცის, როგორ მოუსმინოს მწვრთნელს. „ნაპოლიში“ მის მიმართ ერთი მოთხოვნა იყო, პსჟ-ში კი — მეორე, თუმცა ის ყოველთვის წამყვანი მოთამაშე იყო. როდესაც ის ცოტა ხნით „დინამო ბათუმში“ თამაშობდა, ვარსკვლავობაზე პრეტენზიას არ აცხადებდა, ყველას არ სთხოვდა მისთვის თამაშს, ის გუნდისთვის მუშაობდა. მის გამო სტადიონები საქართველოში ივსებოდა. ხვიჩას კარიერაში მწვრთნელები მუდამ იცვლებოდნენ, მაგრამ ის ყოველთვის იზრდებოდა და წინ მიიწევდა.“
„რატომ გადავიდა ხვიჩა „ლოკომოტივიდან“? ეს მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუ იპოვით საერთოდ ამის ავტორებს... ჩემი აზრი არ გაითვალისწინეს... სამწუხაროა... ის მაინც წავიდოდა ევროპაში, მაგრამ მხოლოდ „ლოკომოტივიდან“.“
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „ლოკომოტივში“ 2019 წელს თამაშობდა, სადაც მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ხვიჩა „რუბინში“ გადავიდა და კლუბის ღირსებას 2022 წლამდე იცავდა. ამის შემდეგ, როდესაც უკრაინაში რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებები დაიწყო, ქართველი თავდამსხმელი ბათუმის „დინამოში“ აღმოჩნდა და იმავე ზაფხულს ის „ნაპოლის“ შეუერთდა. 2025 წლის იანვარში კვარაცხელია პსჟ-ში გადავიდა, სადაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.