„შენი ადგილი ჯოჯოხეთშია“ | ბრაის მიტჩელი ილიას პოსტს გამოეხმაურა
ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ბრაის მიტჩელმა, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და „ელ მატადორის“ პოსტს გამოეხმაურა. თოფურიას განცხადებების მიუხედავად, მიტჩელმა მას ცოლზე ფიზიკურად მოძალადე უწოდა და აღნიშნა, რომ საშინელებაა, რაც მან გააკეთა.
„გახსოვთ, ილიას რომ ვეჩხუბე? გაიმარჯვა და ბრძოლის შემდეგ კომბინეზონი ჩაიცვა, რითაც მე დამცინა, რადგან ფერმა მაქვს და კომბინეზონებს ხშირად ვიყენებ. ეს ძალიან სასაცილოდ მოეჩვენა. ჰოდა, ილია, შენთვის რაღაც მაქვს — ამას ცოლზე ფიზიკურად მოძალადე ადამიანის სტატუსი ჰქვია. დიახ, ასეა. ეს სტატუსი ილია თოფურიას მივაკუთვნე და ამ ძუკნამ ქალზე ხელი ასწია.
ხომ იცით, რომ მამის გარეშე გავიზარდე. საკუთარი მამა თვალით არასდროს მინახავს და იცით რა? მირჩევნია მამა არ მყავდეს, ვიდრე ის დედაჩემს სცემდეს. რაღაცას გეტყვი, ილია — აშშ-ის ამ ნაწილში მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობა სიცოცხლის ფასად გიჯდება. ეს ხუმრობა არ არის. ამაში სასაცილო არაფერია. მინდა, გითხრა, რომ ამ ყველაფრის გამო ნამდვილი ძუკნა ხარ და შენი ძმაც ძუკნაა. მას ვეჩხუბები და მაგრად ვცემ, შენ კი გაგიმართლა — ცუდად ვიყავი, თორემ აუცილებლად მაგრად გცემდი.
ილია, მისმინე, შვილების ყოლასაც არ იმსახურებ, რადგან მეუღლეზე ხელს წევ. ლაჩარი ხარ და გულისამრევია, რასაც აკეთებ. თუმცა ვინ ვარ მე, რომ განვსაჯო? ხანდახან მეც ვცოდავ ხოლმე, მაგრამ, ილია, უფლის გზას უნდა დაუბრუნდე და მოინანიო, თორემ ჯოჯოხეთში დალპები. მთელი გულით უნდა მოინანიო და საჭიროა, დალევასაც თავი დაანებო.
ალბათ, ბევრს სვამ... ილია, უფალ იესო ქრისტეს დაუბრუნდი და მოგეტევება. თუ ამას არ იზამ, ჯოჯოხეთში ამოლპები, რადგან ქალებზე ფიზიკურად მოძალადე ხალხის ადგილი მანდ არის. ილია, მეუღლეები საჩემპიონო ქამრები არ არიან — რაც უფრო ბევრი გყავს, მით უკეთესი არ არის. ერთი მეუღლე, ერთი ქალი უნდა გყავდეს, შენ კიდევ მესამე ცოლს ეძებ. იდიოტი ხარ და მაგალითი ჩემნაირი ბიჭისგან უნდა აიღო.“
ვინც არ იცით, გუშინ თოფურიამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მასზე მძიმე ზეწოლა ხორციელდებოდა. იყო მუქარები, რომ ფინანსური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის ცრუ ბრალდებები, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოა. ილიამ აღნიშნა, რომ საკმარისი ოდენობის მტკიცებულებები აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, მიტჩელისთვის ეს სრულიად უმნიშვნელოა.