ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„ჩემს თავს ჩემპიონად მივიჩნევ, სხვა პასუხი არ არსებობს“ - ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუ Marca-სთან

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ გავლენიან ესპანურ გამოცემა Marca-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუ:

ჟურნალისტი - უყურეთ თუ არა ალმახანთან ბრძოლის ჩანაწერს?

„ალმახანთან ბრძოლას რამდენჯერმე ვუყურე. რა თქმა უნდა, მთავარი ისაა, რომ გამარჯვებული დავრჩი. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ იმ ღამეს გამარჯვება მოვიპოვე. თუ მკითხავთ, არის თუ არა რამე გამოსასწორებელი - რა თქმა უნდა, გეტყვით, რომ ბევრი რამ არის. საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის ძალიან კრიტიკული ვარ.“

„როდესაც ჩხუბს ვუყურებ, ორი გზა არსებობს: უყურო და დატკბე გამარჯვებით, ან უყურო შეცდომების პოვნისა და მათი გამოსწორების მიზნით. რა თქმა უნდა, შეცდომებს ვპოულობ და კიდევ კარგი, რომ ვპოულობ. ასე რომ, ძალიან მიხარია, როცა ამ ხარვეზებს ვხედავ, რადგან ვიცი, რომ კიდევ ბევრი გვაქვს გასაუმჯობესებელი.“

„ვფიქრობ, ყველა ადამიანი ასეა თავის საქმეში და გამონაკლისი არც მებრძოლები ვართ. ყოველთვის ფიქრობ, სხვაგვარად ხომ არ გავაკეთებდი რამეს, მაგალითად, ხომ არ სჯობდა პირველ რაუნდში ბრძოლის სტრატეგია სხვანაირად დაგეგმილიყო.“

ჟურნალისტი - „მოიქცეოდით თუ არა სხვანაირად?

„მოდით, ასე ვთქვათ: არ მიყვარს იმის თქმა, რომ რამეს სხვანაირად ვიზამდი, რადგან სხვაგვარად რომ მემოქმედა, შესაძლოა ფინალიც სხვანაირი ყოფილიყო. ამიტომ, დავტოვოთ ასე - ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და მადლობა ღმერთს, რომ გავიმარჯვეთ.“

„თუმცა, როდესაც ბრძოლის ჩანაწერს ვუყურებ, ვხედავ მომენტებს, სადაც ვფიქრობ: „ამ მომენტში ეს რომ გამეკეთებინა, დარტყმა შესაძლოა უფრო ზუსტი ყოფილიყო“. თუ ამ კუთხით მივუდგებით, ალბათ კი, რაღაცებს შევცვლიდი, მაგრამ რეალურად არაფერს შევცვლიდი, რადგან შედეგი სახეზეა - ჩვენ გავიმარჯვეთ.“

„როგორც გითხარით, ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს არის ყველაზე კარგი ნაწილი: წარმოიდგინეთ, ამ დონეზე რომ ვიყო და ბრძოლის შემდეგ მეთქვა - „ყველაფერი იდეალურად გავაკეთე-მეთქი“, აი, მაშინ გვექნებოდა პრობლემა. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მას აღარაფერი აქვს გასაუმჯობესებელი, ვფიქრობ, ეს უკვე დიდი შეცდომაა.“

ჟურნალისტი - ვინც თქვენ გიცნობთ, ამბობენ, რომ ბრწყინვალე ანალიტიკოსი ხართ და დეტალებში არასდროს ცდებით.

„დიახ, რა თქმა უნდა. ბევრს ვაანალიზებ და ეს ძალიან მიყვარს. მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის აკვირდება დეტალებს და ამას მხოლოდ იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ასეა საჭირო... ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ ასეთი ვარ, ეს ჩემი ბუნებაა. ვუყურებ მოვლენებს, ვაანალიზებ მათ, ვცდილობ ვიპოვო როგორც სუსტი და ისე ძლიერი მხარეები. ასე რომ, ვინც ეს გითხრათ, სრული სიმართლე უთქვამს - მართლაც საკმაოდ ანალიტიკური პიროვნება ვარ.“

ჟურნალისტი - გიყვართ MMA-ის ბრძოლების ყურება?

„კარგი კითხვაა და არ მოგატყუებთ: რა თქმა უნდა, მიყვარს MMA-ის ბრძოლების ყურება... თუმცა, ვხედავ, რომ პროფესიულ დონეზე, საწყის ეტაპებზე, MMA-ში დონე ბევრად დაბალია, ვიდრე, მაგალითად, კრივში. ამიტომ, ასეთ ბრძოლებსაც ვუყურებ, მაგრამ მსგავს სიამოვნებას ვერ ვიღებ. უფრო მაღალი დონის MMA ბრძოლების ყურება მიყვარს, ასეთი მაღალი დონის ორთაბრძოლები კი ბევრი არ არის. ასე რომ, მიყვარს თუ არა ყურება? დიახ, თუ ეს მაღალი დონის შეხვედრაა... ასეთ შემთხვევაში, ის კრივზე მეტადაც კი მიყვარს.“

ჟურნალისტი - ვისაუბროთ თქვენს მომზადებაზე. თქვენი შემთხვევა განსაკუთრებულია: ერთდროულად მწვრთნელიც ხართ და მებრძოლიც. ადვილია ამ როლების გაცვლა?

„სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ არის ადვილი. ერთ რამესაც გეტყვით: ბოლო დროს ისე ინტენსიურად აღარ ვწვრთნი, როგორც ადრე. მახსოვს წლები, როცა ჩემთვის მწვრთნელობა უპირატესი იყო. თითქოს ნელ-ნელა გვერდზე ვწევდი შეჯიბრებების სამყაროს და 100%-ით ფოკუსირებული ვიყავი სწავლებაზე, ახლის ათვისებასა და იმაზე, თუ როგორ გადამეცა ცოდნა სხვებისთვის. ეს დიდ კონცენტრაციას მოითხოვს.“

„გარდა ამისა, როდესაც მწვრთნელი ხარ, გვერდზე უნდა გადადო „მებრძოლის ეგო“. სწორედ ეს ეგოა მთავარი სირთულე მწვრთნელისა და მებრძოლის როლების შერწყმისას. როცა მებრძოლი ხარ, შენი ეგო ძალიან მაღალია - გინდა იყო პირველი, გინდა ყველას აჯობო, მეტი ზიანი მიაყენო მეტოქეს... გინდა პირველი მიხვიდე მიზნამდე.“

„როდესაც მწვრთნელი ხარ, პირიქით, უფრო მომთმენი უნდა იყო, უნდა ასწავლო, დათმო... ამიტომ ამ ორის შეთავსება ცოტა რთულია. რა თქმა უნდა, გააჩნია დონესაც, მაგრამ იმ სპორტსმენების გათვალისწინებით, ვისი მწვრთნელიც ვიყავი, ეს მოითხოვდა უდიდეს ყურადღებას და მებრძოლის ეგოს სრულად გვერდზე გადადებას. ამ დონეზე ამ ორი რამის ერთმანეთში არევა არ შეიძლება, მხოლოდ ერთზე უნდა იყო კონცენტრირებული.“

ჟურნალისტი - დგება მომენტები, როცა საკუთარ თავს თავადვე წვრთნით? თუ უცნაურად ჟღერს ამის თქმა?

„100%-ით. იმიტომ, რომ მწვრთნელს შიგნით აქვს რაღაც, რასაც პასუხისმგებლობა ჰქვია. მე კი საკუთარ თავს საკმაოდ პასუხისმგებლიან ადამიანად მივიჩნევ. ყოველთვის მიყვარს საქმის კარგად კეთება. იმ გზის გამოვლამ, როცა 100%-ით მწვრთნელი ვიყავი და სხვა ადამიანის დახმარებაზე ვიყავი ფოკუსირებული, მასწავლა, თუ რა სჭირდება მებრძოლს და რა ასპექტებია დასაფარი.“

„როგორც სწორად აღნიშნეთ, ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ, ყველაფერი კონტროლის ქვეშ მქონდეს... და ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, ეს კარგიცაა. ხანდახან ზედმეტად მომთხოვნი ვარ, მაგრამ მჯერა, რომ საქმის კარგად გასაკეთებლად მომთხოვნი უნდა იყო. სხვა ფორმულა არ არსებობს. საქმე უნდა გაკეთდეს კარგად.“

ჟურნალისტი - თქვენ იცნობთ ნიკო მედინას, ბევრჯერ გივარჯიშიათ ერთად. მის ბოლო გამარჯვებამდე ვესაუბრე და მითხრა, რომ საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნია, თუმცა ხანდახან ფიქრობს, რომ ეს თვისება მისთვის საზიანოც კია.

„ამ თემაზე რომ ვისაუბროთ, უფრო ღრმა დისკუსიაა საჭირო იმის გასაგებად, თუ რას მივიჩნევთ „მომთხოვნობად“. მაგალითად, რატომ შეიძლება იყოს საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნება უარყოფითი?“

„ვფიქრობ, მომთხოვნი ხარ მაშინ, როცა დილით იღვიძებ, ვარჯიშზე წასვლა არ გინდა, მაგრამ საკუთარ თავს აიძულებ, რომ მაინც წახვიდე. ამაში ცუდი არაფერია - ეს დისციპლინაა და აკეთებ იმას, რაც უნდა გააკეთო.“

„მაგრამ, თუ შეცდომა დაუშვი, მაგალითად - დამარცხდი და ამის გამო საკუთარ თავს სჯი, ეუბნები: „რა სუსტი ხარ, როგორ შეძელი ასეთი სისულელის გაკეთებაო“... აი, ეს უკვე სხვაა. დროს უკან ვერ დააბრუნებ. შენ უნდა იყო მომთხოვნი ვარჯიშისას, მაგრამ როცა რაღაც ისე არ მიდის, როგორც გინდოდა, საკუთარი თავის დასჯა უკვე სხვა რამეა.“

„ადამიანი უნდა იყოს მომთხოვნი, უნდა იყოს რეალისტი, მაგრამ ამავდროულად - საკუთარი თავი უნდა უყვარდეს. ზღვარს არ უნდა გადახვიდე, საკუთარი თავი არ უნდა დატანჯო. თუმცა, იმას, რომ „მომთხოვნი არ უნდა იყოო“, არ ვეთანხმები. პირიქით, უნდა იყო! მეტიც, მგონია, რომ ცხოვრებაში წარმატების გასაღები სწორედ ესაა (თუ, რა თქმა უნდა, ლატარიაში არ მოიგებ). თუმცა ლატარიის მოსაგებადაც კი მომთხოვნებაა საჭირო: ნაყინის ნაცვლად ფული ბილეთში უნდა გადაიხადო. ასე რომ, საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნება აუცილებელია.“

ჟურნალისტი - მე უფრო იმას ვგულისხმობდი, რაც ინტერვიუს დასაწყისში თქვით — „ეს რომ გამეკეთებინა, ისე რომ მოვქცეულიყავი...“. როდესაც ადამიანი იმარჯვებს, მაგრამ მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ მეტი მოეთხოვა საკუთარი თავისთვის, ის ვერ ტკბება გამარჯვებით. ასეთმა ზედმეტმა სიმკაცრემ შესაძლოა ადამიანი უბედურიც კი გახადოს.

„ეგ კარგი შენიშვნაა. მაგალითად, თუ ვისაუბრებთ იმაზე, რისი გაკეთებაც შემეძლო, ეს ნიშნავს, იმაზე მეტი მოვთხოვო საკუთარ თავს, ვიდრე გავაკეთე. მე გავიმარჯვე და მადლიერი ვარ, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ ეს გამარჯვება სწორედ იმ ბრძოლის სტილმა მომიტანა, რომელიც გამოვიყენე. სხვაგვარად რომ მებრძოლა, იქნებ უფრო ადრე დამესრულებინა ბრძოლა? შესაძლოა... მაგრამ ისიც შესაძლოა, რომ მე დავემარცხებინე ვინმეს.“

„ამიტომ, კითხვები — „რატომ არ გავაკეთე სხვა რამ?“ ან „რატომ არ გავაგრძელე შეტევა, როცა ერთი-ორი დარტყმა მივაყენე?“, როცა მეუბნებიან: „შეგეძლო დაგესრულებინა, რატომ არ ქენიო?“ — ამაზე ახლა ფიქრი და დროის ხარჯვა სისულელეა. გავაკეთე ის, რაც გავაკეთე, გამარჯვება მოვიპოვეთ და შემდეგ ბრძოლამდე უფრო მეტს მოვთხოვ საკუთარ თავს ვარჯიშებზე. მაგალითად, მეტი დარტყმის განხორციელებას — ეს ნორმალურია.“

ჟურნალისტი - რას სთხოვთ თქვენი გუნდის წევრებს?

„იმავეს, რასაც საკუთარ თავს. მჯერა, რომ ჩვენს გუნდში ყველა ასეა. პირველ რიგში, რასაც ერთმანეთისგან ვითხოვთ, ეს არის ერთგულება. არ ვიცი, ხალხს რა ჰგონია ერთგულება — ეს მხოლოდ ის არ არის, რომ „აქედან ფეხი არ უნდა მოიცვალო“. არა, ერთგულება სხვა რამეა: უნდა იყო იქ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა. ეს ბევრ ფაქტორს მოიცავს.“

„კიდევ რა არის საჭირო გუნდში? დისციპლინა. როცა წასვლაა საჭირო, უნდა წავიდეთ. როცა მუშაობის დროა, უნდა ვიმუშაოთ. იაფფასიანი თავის მართლებები არ მჭირდება. არავის აინტერესებს სხვისი მიზეზები. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ფორსმაჟორულ სიტუაციებს, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და თუ ვინმეს რამე გაუჭირდა, ყველანი გვერდით ვუდგავართ, გუნდი სწორედ ამისთვისაა. მაგრამ მთავარია, არ გქონდეს „იაფიანი“ მიზეზები და იყო პასუხისმგებლიანი.“

„როდესაც ვმოგზაურობთ, იქაც დიდი პასუხისმგებლობაა საჭირო. რომ გითხრათ, რა არის გუნდის წევრობისთვის აუცილებელი, ეს შორს წაგვიყვანს, მაგრამ მთავარი აზრი რომ გაიგოთ - ეს არის იყო პასუხისმგებლიანი ადამიანი, და არა მხოლოდ ტატამზე. პასუხისმგებლობა დილიდანვე იწყება: როგორც კი გაიღვიძებ, პირველი, რასაც აკეთებ, არის ის, რომ საწოლს ასწორებ. ყველაფერი აქედან იწყება. უნდა იყო პასუხისმგებლიანი ჯერ შენს ოთახში, შენს საწოლთან. აი, აქ იწყება პასუხი თქვენს კითხვაზე.“

ჟურნალისტი - როგორია ილია, როგორც მწვრთნელი?

„ილია, როგორც მწვრთნელი? ასე ვიტყოდი: ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ 100%-ით მწვრთნელის როლზე ფოკუსირებული ილია, რადგან მჯერა, რომ მას, როგორც მწვრთნელს, კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი და საჩვენებელი. ის ჯერ არ იმყოფება იმ ეტაპზე, რომ თქვას: „მორჩა, მებრძოლის კარიერას გვერდზე ვწევ და მხოლოდ მწვრთნელობაზე გადავერთვებიო“. თუმცა ერთს გეტყვით: შესაძლებლობები ნამდვილად არ აკლია - არც გამოცდილება, არც მომთხოვნელობა და არც სიმკაცრე.“

ჟურნალისტი - ბედნიერი ხართ UFC-ში თქვენი პირველი წლით?

„დიახ, ბედნიერი ვარ. უფრო სწორად - მადლიერი. მადლიერი ვარ გაწეული შრომისთვის. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს შევძელით, მოვხვდით ორგანიზაციაში. პირველ რიგში, ჩემი ძმის და გუნდის დამსახურებით შევდგით ფეხი UFC-ში. არ დამჭირდა სხვა გზების გავლა, მაგალითად, როგორიცაა „Dana White's Contender Series“.

„ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ მქონდა იმდენი დრო, რამდენიც სხვებს აქვთ, რომ მომზადება 100%-ით მხოლოდ საკუთარ თავზე ფოკუსირებულს გამევლო. თუმცა, ამ ორი ბრძოლის შემდეგ, ვფიქრობ, კომპანიაში მყარად ვართ. ვაჩვენეთ, რომ საკმარისი დონე გვაქვს იქ ყოფნისთვის, სადაც ვართ. სათქმელი კი ჯერ კიდევ ბევრია, რა თქმა უნდა.“

ჟურნალისტი - თქვენს მიმართ დიდი მოლოდინები იყო, გრძნობდით წნეხს და კრიტიკას. ახლა, როცა ანგარიში 2-0-ია თქვენს სასარგებლოდ, გიჩნდებათ სურვილი თქვათ, რომ „არასდროს გეპარებოდათ ეჭვი ამ წარმატებაში“, თუ საერთოდ აღარც გახსენდებათ კრიტიკოსები (ჰეითერები)?

„საერთოდ არა. მსგავს რაღაცებზე ფიქრში დროს არ ვკარგავ. დილით იმისთვის არ ვიღვიძებ, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცო, ნამდვილად არა. გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს, რაზეც უნდა ვკონცენტრირდე. ისინი, ვინც თვლიან, რომ წნეხის ქვეშ უნდა ვიყო — ვინ არიან საერთოდ? რატომ უნდა ვგრძნობდე წნეხს და ვისგან?“

„რაც შეეხება მოლოდინებს: ვიცი, რომ ისინი არსებობდა და არა მხოლოდ ხალხის მხრიდან, არამედ საკუთარი თავისგანაც. თუმცა, ჩემი წნეხი სხვების გამო არ ყოფილა — ეს მხოლოდ ჩემივე მოლოდინების ბრალი იყო. როდესაც ამდენი წლის განმავლობაში ერთი საფეხურიდან მეორეზე ადიხარ, საკუთარ თავს ეუბნები: „აბა, ვნახოთ, ბიჭო, ხარ თუ არა ამ დონის“. სწორედ ეს დავუმტკიცე საკუთარ თავს.“

„თუმცა, წინ კიდევ ბევრი რამაა დასამტკიცებელი. არ ვამბობ, რომ უკვე ყველაფერი ვაჩვენე. მადლობა ღმერთს, ორი გამარჯვება გვაქვს. ეს უკანასკნელი ბრძოლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩემს მეტოქეს, ბეკზატ ალმახანს, დებიუტი უმარ ნურმაგომედოვთან ჰქონდა (რომელმაც მალევე იბრძოლა ქამრისთვის), თანაც ამ ბრძოლის შესახებ მხოლოდ ერთი კვირით ადრე შეიტყო.“

„ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საკმაოდ სერიოზულ მეტოქესთან. როგორც გითხარით, თავად მქონდა მოლოდინი და სურვილი, რომ ბრძოლა ვადაზე ადრე დამესრულებინა... მაგრამ არის მომენტები, როცა ბრძოლა ისე ვითარდება, რომ საკუთარ თავს ეუბნები: „მოდი, ეს გამარჯვება ავიღოთ, ფინიშები კი მაშინ მოვა, როცა ამის დრო იქნება“. შესაძლოა, იმ მომენტში ბეკზატი არც უნდა დაცემულიყო... მაგრამ გამარჯვება მოვიპოვეთ და ამისთვის ღმერთის მადლობელი ვარ.“

ჟურნალისტი - მეტოქეც ხომ მონაწილეობს ბრძოლაში. მისი დამსახურებაცაა, რომ გაუძლო იმ მძიმე დარტყმებს, რომლებიც მიაყენეთ.

„რა თქმა უნდა, სწორედ ამას ვამბობ. საუბარი ძალიან ადვილია, მაგრამ როცა გალიაში ხარ, იქ ყველაფერი იცვლება. ბეკზატ ალმახანს ჩემთან საბრძოლველად მოსამზადებლად სამი თვე ჰქონდა — ზუსტად სამი თვე, ისევე როგორც მე. საბოლოოდ, ოქტაგონზე შევიდა ორი ადამიანი, რომლებიც სამი თვის განმავლობაში სპეციალურად ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდნენ.“

ჟურნალისტი - ჩნდება თუ არა ეჭვი იმის შესახებ, ხართ თუ არა მაქსიმალურად კარგად მომზადებული ბრძოლისთვის?

„ჩემი პირადი აზრით, ეჭვები ყოველთვის, ყოველთვის იბადება. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით დოჰაში ჩაწერილ ინტერვიუშიც. საკუთარ თავს სულ ვეუბნები: ყოველდღიურად იმიტომ ვშრომობ, რომ როცა დადგება მომენტი (და ვიცი, რომ დადგება), როცა ეჭვები შემოგიტევს... ეს მხოლოდ ერთხელ არ ხდება, ეს მთელი მომზადების პროცესშია. ზოგ დღეს არის, ზოგ დღეს — არა.“

„ამ ეჭვებზე არ ვფოკუსირდები, რადგან ყველას გვაქვს მათი დაძლევის საკუთარი ფორმულა. მთავარია, არ მისცე უფლება ეჭვებს, რომ „შეგჭამოს“. მათთან საბრძოლველად კი პასუხები უნდა გქონდეს. პასუხები გეხმარება, რომ როცა გაგიჩნდება კითხვა: „რა მოხდება, თუ...?“, შენ უკვე იცი — თუ ასე მოხდება, ამას ვიზამ; თუ ისე მოხდება, იმას ვიზამ. როცა ყველა ეჭვზე გაქვს მზა პასუხი, მხოლოდ მაშინ შეძლებ ემოციების მართვას და არ აჰყვები ეჭვებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში შიშში გადაიზრდება. თუ პასუხები გაქვს, შიში არ გაგიჩნდება.“

„ამისთვის კი ცხოვრებაში მოქმედებაა საჭირო. ეს უმნიშვნელოვანესია. მოქმედებაში ვგულისხმობ იმას, რომ როცა მოსამზადებელ ბანაკში ხარ, გაქვს პასუხისმგებლობა. არიან ისეთები, რომლებიც ფიქრობენ: „ვნახოთ, ბრძოლის დღეს რა მოხდება, ახლა კი „მაკდონალდსში“ მირჩევნია წასვლა“. ან დილით, ვარჯიშის ნაცვლად, ურჩევნიათ დაიძინონ ან ვინმეს შეხვდნენ... და ვარ მე, ვინც ამ ყველაფერს გვერდზე ვწევ და პასუხების ძებნაზე ვკონცენტრირდები. ამ პასუხებს კი მხოლოდ ოფლის ღვრასა და მუშაობაში ვპოულობ — ეს არის ჩემი გზა ეჭვებთან საბრძოლველად.“

ჟურნალისტი - ეს ოფლი და შრომა გალიაში... ეს ხომ ცოდნაა, არა? ცოდნა იმისა, თუ რისი უნარი გაქვს ან რა შესაძლებლობები გაგაჩნია. სწორედ ეს ცოდნა გაძლევს პასუხებს ნებისმიერ სიტუაციაში, რომელიც შეიძლება შეიქმნას.

„არის მომენტები, როდესაც სხვადასხვა სცენარებს განიხილავ და ხვდები — საქმე მხოლოდ იმაში არ არის, ხარ თუ არა ფიზიკურად მზად. მთავარია, ხარ თუ არა მზად მენტალურად, რადგან ფსიქოლოგიური და ემოციური მხარე გალიაში უდიდეს როლს თამაშობს. ეს არის 50/50-ზე — რა თქმა უნდა, მათ შორის ჰარმონია უნდა გქონდეს.“

„ორივე მიმართულებით მომზადებული უნდა იყო: ფიზიკურად, ტექნიკურად, ემოციურად და მენტალურად. ეს თვისებები უმნიშვნელოვანესია და გადამწყვეტ როლს თამაშობს ეჭვებზე პასუხების გასაცემად. არ არსებობს ისე, რომ თუ ტექნიკურად კარგად ხარ, ყველაფერი რიგზეა... არა, აქ ყველაფერი ერთიანობაშია მნიშვნელოვანი.“

„მორწმუნე ადამიანი ვარ. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მუდმივად ვიყო კავშირში ღმერთთან, ის ყოველთვის ჩემში უნდა იყოს. ყოველდღე ვლოცულობ და მასთან ვსაუბრობ — ეს ის ნაწილია, რომელიც პასუხების პოვნაში მეხმარება. შესაბამისად, უნდა ვიყო კავშირში მასთან, უნდა ვიყო მზად ფიზიკურად და ტექნიკურად...“

„თქვენს კითხვაზე რომ გიპასუხოთ: „რა მოხდება, თუ მეტოქე მძიმე დარტყმას მოგაყენებთ?“ — აი, ამ მომენტში ფიზიკური მომზადება აღარაფერია, აქ ყველაფერს მენტალიტეტი წყვეტს. ვინც საბრძოლო ხელოვნებითაა დაკავებული, იცის: როცა დგება მომენტი, როცა თვალთ გიბნელდება და სამყარო შავ-თეთრი ხდება, იქ უკვე ფიზიკა აღარ მუშაობს. იქ ყველაფერი ემოციური და მენტალურია — როგორ გააკონტროლებ სიტუაციას.“

„ან როცა დგება მომენტი, როდესაც ორივე მებრძოლი ფიზიკურად ბოლომდე დაცლილია — აი, აქ მენტალური და ემოციური ფაქტორი ხდება გადამწყვეტი: ვინ დაჯაბნის მეორეს იმის გამო, რომ სულიერად და მენტალურად უფრო ძლიერია. ეს საკმაოდ რთული ასახსნელია, მაგრამ ვფიქრობ, ამით დაახლოებით მიხვდით, რასაც ვგულისხმობ.“

ჟურნალისტი - და როგორ ვავარჯიშოთ გონება?

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაზე დიდი იარაღი, რაც კი ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და რაც უდიდეს როლს თამაშობს ნებისმიერი მებრძოლის ცხოვრებაში, არის თავდაჯერებულობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: იმისთვის, რომ თავდაჯერებული გახდე, მთელი პროცესი უნდა გაიარო, მაგრამ როდესაც ამ თავდაჯერებულობას მართლა მოიპოვებ, შენ ნებისმიერ კედელს გაანგრევ.“

„სწორედ ამიტომ ვხედავთ ბევრი მებრძოლის ევოლუციას. აი, როცა ამბობენ ხოლმე — „მას 10 ან 15-მატჩიანი მოგებათა სერია აქვსო“ — რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რა ფაქტორი მუშაობს მათ სასარგებლოდ? ის, რომ მათ უდიდესი თავდაჯერებულობა დააგროვეს. ერთი, ორი, სამი, ათი, თხუთმეტი გამარჯვება... საბოლოოდ, ყალიბდება თავდაჯერებულობა, რომელიც გარდაუვალი და უძლეველია.“

რატომ ითვლება, რომ დაუმარცხებელი მებრძოლების დამარცხება ძალიან რთულია? იმიტომ, რომ მათ საკუთარ თავში შექმნეს ილუზია, რომ უძლეველები არიან. გესმით ჩემი? მაგრამ რა ხდის მათ უძლეველს? სწორედ ეს თავდაჯერებულობა. ამიტომ, ამ თვისებაზე ბევრი უნდა იმუშაო. მის შესაქმნელად კი ბევრი რამ არის საჭირო, მაგრამ მთავარი მაინც ესაა: შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ შრომა.“

ჟურნალისტი - რომ შევაჯამოთ UFC-ის ტურნირი ყატარში და ბრძოლა ალმახანთან... ჩემი აზრი ასეთია და შემისწორეთ, თუ ვცდები: რა თქმა უნდა, ყოველთვის ნოკაუტი და ეფექტური დარტყმები უფრო „იყიდება“, მაგრამ ვფიქრობ, ამხელა პაუზის შემდეგ, ის 30 წუთი (ორი 15-წუთიანი ბრძოლა), რაც ოქტაგონზე გაატარეთ, საუკეთესო რამ იყო, რაც შეიძლება მომხდარიყო. შეძელით საკუთარი თავის გამოცდა და იმის დანახვა, რისი უნარი გაქვთ.

„სრულიად გეთანხმებით. მეტიც, ბრძოლის შემდეგ ინტერვიუებშიც ვამბობდი და გუნდშიც: ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მეხმარება. ჩვენ მას ძალას ვთხოვთ, ის კი ძლიერ ბრძოლებს გვიგზავნის. პირადად ჩემთვის, უმნიშვნელოვანესი იყო ამ ორი სამრაუნდიანი ბრძოლის გავლა და ისე დასრულება, როგორც დასრულდა.“

„მაგალითად, ჩემი ძმის (ილიას) კარიერაზე როცა ვსაუბრობდი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი მისი ბრძოლა ჯოშ ემეტთანაა. ეს იყო ბრძოლა, სადაც ვნახე, რომ ჩემს ძმას შეუძლია 25 წუთი იყოს გალიაში და სხვა მებრძოლთან გამკლავება შეძლოს. ეს სულ სხვა კონცეფციაა. ოქტაგონზე ყოფნა ჭადრაკის თამაშს ჰგავს — შენც გაქვს დრო და მასაც, რომ ცვლილებები შეიტანოთ ტაქტიკაში. როცა ნოკაუტი ან მახრჩობელა ილეთია, იქ მოქმედებისთვის დრო არ გრჩება.“

„ის, რომ შეგიძლია ერთი, ორი ან სამი რაუნდი გაუძლო, გეხმარება იმ თავდაჯერებულობის მოპოვებაში, რომელიც ასე გჭირდება. ვფიქრობ, ჩემი ძმისთვისაც, სატიტულო ბრძოლამდე, გადამწყვეტი მომენტი იყო იმის დანახვა, რომ მას გალიაში 25 წუთის გატარება შეუძლია. მე მანამდე არასდროს მიბრძოლია სამი რაუნდი... და ამ ორმა ბრძოლამ მითხრა: „შენ ეს შეგიძლია“.

ჟურნალისტი - რას ფიქრობთ იმ მოსაზრებებზე, რომლებშიც იმედგაცრუებაზე საუბრობენ იმის გამო, რომ ვერცერთი ბრძოლა ვერ დაასრულეთ ვადაზე ადრე?

„გულწრფელად გეტყვით, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გულშემატკივრები — მნიშვნელობა არ აქვს, ეს შერეული ორთაბრძოლები იქნება, ფეხბურთი თუ სხვა რამ — ყოველთვის გამონახავენ სათქმელს. ყოველთვის იტყვიან: „კარგი იყო, მაგრამ...“. ვფიქრობ, მათ უნდა გააგრძელონ ის, რასაც აკეთებენ, რადგან მთავარია, რომ საუბრობენ — კარგს ამბობენ თუ ცუდს, მაინც საუბრობენ, არა? ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.“

„თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ: შემეძლო თუ არა ბრძოლის ვადაზე ადრე დასრულება? შემეძლო. შესაძლოა... მაგრამ ბრძოლა ასე წარიმართა. ბეკზატ ალმახანი დიდი მეტოქეა, არა? ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ამით ვინმეს დარწმუნებას არ ვაპირებ, მაგრამ მეტოქეს თავისი დამსახურება უნდა დაუფასდეს.“

„არ მქონდა იმის მიზეზი, რომ ფინიშის გამო სასოწარკვეთაში ჩავვარდნილიყავი. რატომ უნდა დავმფრთხალიყავი? მინდა გკითხოთ: რა არის მთავარი მიზანი? გამარჯვება, არა? იყო ნოკდაუნი, იყო მტკივნეული ილეთის მცდელობა, იყო დარტყმები, რომლებსაც მეტოქე უნდა გაეთიშა, მაგრამ კონკრეტულად იმ მომენტში ეს არ მოხდა... სამაგიეროდ, მადლობა ღმერთს, გამარჯვება ჩვენია. ვადაზე ადრე დასრულება შემდეგში იქნება... საუბარი ძალიან ადვილია, მაგრამ როცა გალიაში ხარ, იქ ყველაფერი იცვლება.“

„აკლია თუ არა პუბლიკას გამოცდილება? შესაძლოა... მაგრამ, როგორც გითხარით, ჩემი აზრით, მათ უნდა ილაპარაკონ. ყოველთვის უნდა არსებობდნენ ისინი, ვინც კარგს ამბობს და ისინიც, ვინც ცუდს... და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: არასდროს, არასდროს — ჩემი ძმის პოზიციაშიც კი — ხალხს სათქმელი არ ელევა. ყოველთვის ჩნდება ვიღაც ახალი, ვისთანაც კიდევ უნდა დაამტკიცო რამე.“

„ავიღოთ მაგალითი: ილიამ ახლა ცარუკიანთან რომ იბრძოლოს და დაანოკაუტოს, მაინც გამოჩნდება ვინმე, ვინც იტყვის: „აი, ახლა ნახავ, იმ მეორესთან რომ იბრძოლებ, მერე რას იზამ...“. მათ ბოლომდე ვერასდროს დაანაყრებ. ეს ჰგავს პროცესს, როცა აჭმევ და მერე კვლავ შივდებათ. მერე შენი „შეჭმა“ უნდათ. აჭმევ და მაინც ჭამა უნდათ. თუმცა, ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, კარგია, რომ მოლოდინები არსებობს.“

„არ მინდა მთელი ყურადღება მხოლოდ ამ ხალხს დავუთმო, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას დანარჩენს — მათ, ვისაც ესმის საბრძოლო ხელოვნება, იცის, რა მოხდა სინამდვილეში იმ ღამეს და მხარს გვიჭერს. მადლობა მინდა გადავუხადო ერთ მხარესაც და მეორესაც.“

ჟურნალისტი - პრესკონფერენციის შემდეგაც გითხარით და ახლაც ვიმეორებ: თქვენი მოსმენა ძალიან სასიამოვნოა. რატომ არ საუბრობთ ხშირად? ბევრ ადამიანს სურს, ალექსანდრე თოფურიას უფრო მეტი მოუსმინოს.

„მგონი გითხარით კიდეც, რომ მეტი უნდა გავაკეთო. და ეს მხოლოდ იმიტომ არა, რომ ხალხი ითხოვს — მე თვითონაც ვთვლი, რომ უფრო მეტი უნდა ვილაპარაკო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის გზა, რომლითაც ხალხმა უნდა გაგიცნოს, არა?“

„გარდა ამისა, მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც ბევრს აზიარებს საკუთარ გუნდთან. სადაც არ უნდა ვიყოთ — მანქანაში, სახლში, მატარებელში თუ თვითმფრინავში — სულ ვსაუბრობთ, სულ განვიხილავთ რაღაცებს. ჩემი ძმაც კი, ილია — რომელიც ვთვლი, რომ ნომერი პირველია — სულ მეუბნება: „უნდა წახვიდე იქ, უნდა ჩაწერო ინტერვიუ, ხალხმა უნდა გაგიცნოს, სოციალური ქსელები უნდა აამუშაო...“

ჟურნალისტი - რას უნდა ველოდოთ ალექსანდრე თოფურიასგან 2026 წელს?

„როგორც ალბათ ბევრ ინტერვიუში მოგისმენიათ, არ მიყვარს წინასწარმეტყველება და იმის მტკიცება, თუ რა მოხდება... გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი, რომ ყველაფერი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც ვამბობთ. ამიტომ, ამის ხმამაღლა თქმა არ მიყვარს. კამერების მიღმა გეტყვით, მაგრამ აქ, კამერების წინ და ხალხის გასაგონად ვიტყვი: ჩემი მიზანია, მომავალ წელს მინიმუმ ორი ბრძოლა ჩავატარო. წელს, 2025-ში, ორი ბრძოლა მქონდა: თებერვალსა და ნოემბერში.“

„ასე რომ, მომავალ წელს ალბათ მინიმუმ ორი, ან შესაძლოა სამი ბრძოლა მექნება. ოთხ ბრძოლას ნამდვილად არ ჩავატარებ — ეს შეუძლებელია. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ წონის კლების პროცესი მაქვს გასავლელი, რაც ჩემთვის საკმაოდ რთული სამუშაოა. არა ისე, რომ ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას, მაგრამ ეს ჩემგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, ნამდვილი გამოწვევაა. ასე რომ, წელიწადში ორი-სამი ბრძოლა ოპტიმალურია.“

„რაც შეეხება მომავალს — ვნახოთ, რას მოგვიტანს ის. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანია ზრდა — როგორც სპორტში, ისე მის გარეთ. მთავარი ამოცანაა მოვიგო ბრძოლები და მოვიპოვო გამარჯვებები. რა თქმა უნდა, ვეცდები ვადაზე ადრე დასრულებას და ნოკაუტს. ეს ჩემი პირველი ბრძოლები იყო, რომლებიც მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა... ღმერთმა უწყის, რა მოხდება შემდეგ ბრძოლებში, მაგრამ ვფიქრობ, ყოველთვის ჩანს, რომ ფინიშისკენ მივიწევ. ასე რომ, 2026 წელს, თუ ღმერთი ინებებს, რამდენიმე ფინიშსა და ნოკაუტს ვიზეიმებთ.“

ჟურნალისტი - თვლით, რომ უკვე მზად ხართ სუპერმსუბუქი წონის ტოპ-15-ისთვის, თუ არ ჩქარობთ?

„ჰმ... იმით დავიწყებ, რომ ახლა, ამ ეტაპზე, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც უნდა თქვას, რას ვიმსახურებ და რას არა. შემეძლო სხვაგვარადაც მელაპარაკა, მაგრამ მოდით, რეალობას ჩავხედოთ თვალებში.“

„რეალობა ისაა, რომ მე უკვე ვიმსახურებ ტოპ-15-ის მეტოქეს, რადგან ალმახანმა უმარ ნურმაგომედოვთან იბრძოლა, უმარმა კი ამის შემდეგ მალევე იბრძოლა ქამრისთვის... ასე რომ, მე შემეძლო მეთქვა — კი, მზად ვარ ტოპ-15-ისთვის... მაგრამ ასე არ ვიტყვი. შემიძლია? მინდა? კი. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს UFC, თუმცა მე ყოველთვის იმას ვეძებ, რაც წინ წამწევს. უკან სვლას არ ვაპირებ, მხოლოდ წინ მივიწევ. ჩემი მიზანია ტოპ-15, ტოპ-10, ტოპ-5 და, თუ ღმერთი ინებებს, რა თქმა უნდა — ჩემპიონის ქამარი.“

ჟურნალისტი - არის რომელიმე კონკრეტული სახელი (მებრძოლი), რომელიც თქვენს ინტერესს იწვევს?

„ეს ის კითხვაა, რომელსაც ყოველ წამს მისვამენ. მყავს თუ არა ვინმე, ვისთანაც დაპირისპირება მინდა? ახლავე გეტყვით. იქიდან გამომდინარე, რომ მერაბი ახლა ჩემპიონი აღარ არის — მიუხედავად იმისა, რომ წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ის დაბრუნდება და პიოტრ იანს ქამარს ისევ წაართმევს (ვიცი, რომ ამას იზამს) — თუ მერაბის ფაქტორს გვერდზე გადავდებთ, ერთადერთი, ვინც მაინტერესებს, ჩემპიონია.“

„არ გეუბნებით, რომ ამას უკვე ვიმსახურებ... მაგრამ ის, რაც მე მინდა და სახელი, რომელიც მაინტერესებს — ეს არის ის, ვისაც ქამარი აქვს. მერაბის გარდა. როცა მერაბი ჩემპიონი იყო, მშვიდად ვიყავი, ჩემს გზას მივყვებოდი... მაგრამ ახლა, როცა ის ჩემპიონი აღარ არის — თუმცა ეჭვიც არ მეპარება, რომ ის დაბრუნდება და ისევ ჩემპიონი გახდება — ამ მომენტში პიოტრ იანი მაინტერესებს.“

ჟურნალისტი - ხედავთ საკუთარ თავს უკვე ჩემპიონად?

„საქმე ისაა, რომ... სხვა პასუხი უბრალოდ არ არსებობს. დიახ. სწორედ ამისთვის ვშრომობ. რა თქმა უნდა, ვხედავ საკუთარ თავს ჩემპიონად, ისევე როგორც ვხედავდი ჩემს ძმას ჩემპიონად ჯერ კიდევ მაშინ, სანამ UFC-ში ექნებოდა დებიუტი... ან საერთოდ პროფესიონალებში გადავიდოდა. ჩემი მიზანი ყოველთვის ჩემპიონის ქამარი იყო — როგორც მწვრთნელის, ისე მებრძოლის რანგში.“

„როგორც მწვრთნელმა, ეს მიზანი უკვე შევასრულე. ახლა მებრძოლის ჯერია და როგორც ყოველთვის ვამბობ, ამ გზით სიამოვნებას ვიღებ. სწორედ ამიტომ, როცა წნეხზე მეკითხებიან: არანაირ წნეხს არ ვგრძნობ, ვტკბები ჩემი გზით, ვტკბები ჩემივე ისტორიით. ეს ჩემი ისტორიაა, რომელსაც მე ვწერ ჩემს გუნდთან, ოჯახთან, გულშემატკივრებთან და თქვენთან ერთად.“

„ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო: შევდივარ გალიაში და ვდებ ჩემი შესაძლებლობების 100%-ს. ეს არის ის, რაც აქამდე გავაკეთე და რასაც მომავალშიც გავაკეთებ. რა მოხდება შემდეგ? ეს უკვე ღვთის ნებაა. ეს ის არის, რასაც მე ვერ ვაკონტროლებ... მაგრამ გარწმუნებთ, ყველაფერი, რაც ჩემს კონტროლს ექვემდებარება, ყოველთვის იქნება მიმართული წინსვლისკენ და ყოველთვის 100%-ით ვიქნები მზად.“

MMA-ში ალექსანდრე თოფურიას რეკორდი 7 მოგება და 1 მარცხია. ქართველ მებრძოლს UFC-ში ორი ბრძოლა აქვს გამართული და ორივე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. თოფურიამ ბოლოს 22 ნოემბერს, ბეკზატ ალმახანის წინააღმდეგ იჩხუბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია თოფურიას საჩემპიონო ქამარი უნდა ჩამოართვან“ | ჩეილ სონენი
„ილია თოფურიას საჩემპიონო ქამარი უნდა ჩამოართვან“ | ჩეილ სონენი