კაშიას საგოლე გადაცემა | მექვაბიშვილის კრაიოვას დრამატული მარცხი
კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის ბოლო ტურში გურამ კაშიას „სლოვანი“ საკუთარ კედლებში „ჰაკენს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვა და შვედები 1:0 დაამარცხა.
კაშიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საგოლე გადაცემა მიითვალა. 85-ე წუთზე გურამმა სეზარ ბლეკმენს მისცა პასი, რომელმაც საკუთარი ნახევრიდან დაწყებული სოლორეიდი ბრწყინვალე გოლით დაასრულა და „სლოვანს“ სამი ქულა მოუტანა. გურამს გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მეკარემ აჯობა.
კაშიას პარალელურად ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვამ“ ითამაშა, რომელიც სტუმრად „აეკს“ დაუპირისპირდა. მექვაბიშვილი და კომპანია სამი ქულის აღებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ იმდენი მოახერხეს, დამარცხდნენ. „კრაიოვა“ 59-ე წუთზე 2:0-ს იგებდა, რის შემდეგაც დომაგოი ვიდას გოლით ბერძნებმა ჩამორჩენა შეამცირეს. 90-ე წუთზე ანგარიში 1:2 იყო, რის შემდეგაც 98-ე და 105-ე წუთებზე „აეკმა“ 2 გოლი გაიტანა და 3:2 მოიგო.
მექვაბიშვილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე შეცვალეს. „კრაიოვას“ პირველი გოლი ანზორის კარგ პასს მოჰყვა და ქართველმა მეტოქის კარისკენ ერთხელ დაარტყა, თუმცა დარტყმა მცველებმა დაბლოკეს.
ცნობისთვის, „სლოვანი“ და „კრაიოვა“ კონფერენს ლიგას გამოეთიშნენ. „სლოვანმა“ ტურნირი 6 ქულით დაასრულა, „კრაიოვამ“ – 7-ით. ირაკლი აზაროვს არ უთამაშია, მისმა „შახტარმა“ კი ბოლო ტურში ქულა აიღო - 0:0.