„იმედია, რეაბილიტაცია კარგად ჩაივლის“ - ვუდმენი მამარდაშვილზე
„ლივერპულის“ მესამე მეკარემ, ფრედი ვუდმენმა პრემიერლიგაში თავისი სადებიუტო მატჩი შეაფასა და „წითლების“ ტრავმირებულ მეკარეებზე, ალისონ ბეკერსა და გიორგი მამარდაშვილზეც ისაუბრა.
„ტყუილი იქნებოდა, მეთქვა, რომ არ ვნერვიულობდი. როცა ასეთი დიდი კლუბის ნაწილი ხარ, აუცილებლად იქნება მომენტები, სადაც ცოტას მაინც ინერვიულებ.
თუმცა, მართალი გითხრათ, როცა მოედანზე შევდიოდი, დავინახე ჩვენი მცველების ოთხეული და ვიფიქრე, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ტოპ ფეხბურთელები არიან. ვიფიქრე, რომ ბევრი საქმე არ მექნებოდა და ასეც იყო, ისინი ჩემზე ზრუნავდნენ.
პრემიერლიგაში დებიუტი არაჩვეულებრივი გრძნობაა, ხოლო ბოლო წუთებზე მოპოვებულმა გამარჯვებამ ეს კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა.
როდესაც ალისონი ჯანმრთელია და თამაშობს, ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. იმედია, რომ ის ტრავმას მოიშუშებს და დაბრუნდება. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ გიორგი მამარდაშვილის რეაბილიტაციის პროცესი კარგად ჩაივლის.
შევეცდები, ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად გავაკეთო. სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი მთელი სეზონის განმავლობაში - მზად ვყოფილიყავი 10-20 წუთის სათამაშოდ, თუ ეს საჭირო გახდებოდა“.
შეგახსენებთ, რომ „ევერტონთან“ მატჩში გიორგი მამარდაშვილმა მუხლის ტრავმა მიიღო და ის ფრედი ვუდმენმა შეცვალა. 29 წლის მეკარისთვის ეს პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი იყო.