ლუის ენრიკე
Aa
Aa

„თუ გგონიათ, რომ მარტივი თამაში იქნება, ცდებით“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ხვიჩა კვარაცხელიასა და კომპანიას მომდევნო შეხვედრა საფრანგეთის ლიგა 1-ში, „ნანტის“ წინააღმდეგ ელით და ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

შეკითხვა: „ნანტს ეთამაშებით, რომელიც რთულ მდგომარეობაშია. ასეთი შეხვედრები უფრო მძიმეა და მეტად ძნელია მათთვის მომზადება (ნანტი 20 ქულით გასავარდნ ზონაშია)?“

„ეს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. სეზონის ბოლო 5-10 შეხვედრა, რომლებსაც რთულ ვითარებაში მყოფი გუნდების წინააღმდეგ ატარებ, ყველაზე რთულია. ისინი ბოლომდე მოტივირებული არიან და გადასარჩენად იბრძვიან. „ნანტთან“ უფრო ძნელი იქნება, ვიდრე „ლიონთან“ იყო. ეს ძალიან კარგად გვესმის და ვეცდებით, უმაღლეს დონეზე მოვემზადოთ. გვინდა, წარმატებულ გზაზე დავბრუნდეთ.

„ნანტს“ ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს და რთულ მდგომარეობაში არიან, ჩვენ კი სამი ქულა გვესაჭიროება. თუ გგონიათ, რომ მარტივი თამაში იქნება, ეს ფიქრი ამოიგდეთ, რადგან ძალიან, ძალიან რთული შეხვედრა გველოდება. აუცილებელია, მატჩი რაც შეიძლება კარგად დავიწყოთ. რა თქმა უნდა, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ნანტს“ შორის განსხვავება არის და ეს მოედანზე და ტაბლოზეც უნდა ვაჩვენოთ.“

შეკითხვა: „სეზონის ბოლო ნაწილს მაღალ დონეზე ატარებთ. როგორ ეცდებით, რომ მიმდინარე გათამაშება შარშანდელის მსგავსად დაასრულოთ?“

„ჩემთვის ამაზე პასუხი ძალიან მარტივია — შემიძლია ვთქვა, რომ ყველა თამაში უნდა მოვიგოთ, მაგრამ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ფეხბურთელები მოტივირებული არიან, რომ ყველა ტურნირი მოიგონ, რომლებშიც გამოდიან.“

შეკითხვა: „ვიტინია ხვალინდელ თამაშს გამოტოვებს. ოპტიმისტური განწყობა გაქვთ, რომ „ბაიერნთან“ ითამაშებს?“

„მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება. მშვიდად ვართ განწყობილი და ამ მომენტისთვის არ ვიცით, ვიტინია იქნება თუ არა. რაც შეეხება ფაბიან რუისს, ტრავმირებულ ფეხბურთელებთან მიმართებით მიდგომას არ ვცვლით. ფეხბურთელს დრო სჭირდება, რათა სათანადო ფიზიკურ დონეს მიაღწიოს. ფაბიანს თამაში და წუთები ესაჭიროება და მისი პროგრესით კმაყოფილნი ვართ.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ნანტის“ შეხვედრას 22 აპრილს ვიხილავთ. მატჩი თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი პლეიოფში | ტორონტო კლივლენდთან დამარცხდა
მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი პლეიოფში | ტორონტო კლივლენდთან დამარცხდა