საკადრო წმენდა ბარსელონაში - კლუბს ზაფხულში 5 ფეხბურთელი დატოვებს
ბარსელონა ზაფხულში შემადგენლობის საფუძვლიანად გადახალისებას გეგმავს. ამის შესახებ ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება.
მისი ინფორმაციით, ჰანსი ფლიკმა და „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობამ შეარჩიეს 5 ფეხბურთელი, რომლებმაც კლუბში „საკუთარი თავი ამოწურეს“ და კარიერა სხვაგან უნდა გააგრძელონ.
ხსენებულ 5 ფეხბურთელს შორის არიან მარკუს რაშფორდი, ფრენკი დე იონგი, რობერტ ლევანდოვსკი, ანდრეას კრისტენსენი და მარკ კასადო.
კლუბის ხელმძღვანელობა პრიორიტეტად ფინანსურ მოქნილობას ისახავს. დე იონგი კვირაში 400 ათას ევროს იღებს, რის გამოც მისი გაყიდვა სახელფასო უწყისის შემსუბუქების ყველაზე მარტივ გზას წარმოადგენს. საიჯარო ხელშეკრულებაში რაშფორდის გამოსასყიდად 30 მილიონი ევროა მითითებული, მაგრამ კატალონიური კლუბი ამ თანხის გადახდას არ აპირებს და თუ ორ კლუბს შორის შეთანხმება ვერ შედგება, ინგლისელი „კამპ ნოუს“ დატოვებს.
რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს. რაც შეეხება კრისტენსენს, დანიელმა მცველმა კონტრაქტის გახანგრძლივების წინადადება უარყო და შეთავაზებული პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. მარკ კასადომ კი ბოლო 8 მატჩიდან 4 გამოტოვა, 4-ში კი ჯამურად 119 წუთი ითამაშა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფლიკი სხვა ნახევარმცველებს მასზე მეტად ენდობა.