მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი პლეიოფში | ტორონტო კლივლენდთან დამარცხდა
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „კლივლენდ კავალიერსთან“ მეორე შეხვედრაც წააგო. პლეიოფის პირველ რაუნდში „კავსს“ საშინაო კედლების უპირატესობა აქვს და მეორე მატჩში კანადელები 115:105 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 20 წუთი და 31 წამი გაატარა და ორმაგი დუბლი მიითვალა. „მამუმ“ აქტივში 12 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. სანდრომ 8-დან 5 სროლა გამოიყენა (5-დან 4 ორიანი, 3-დან 1 სამიანი, 2-დან 1 საჯარიმო) და სამი მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა. მის პასივში 2 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლი იყო.
მამუკელაშვილი ზაზა ფაჩულიას შემდეგ პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა. „ბიგ ზიმ“ იგივე 2008/09 წლების სეზონში გააკეთა, როდესაც „ატლანტა ჰოუქსში“ თამაშობდა და იმ პლეიოფში ორი ორმაგი დუბლი მიითვალა.
„ტორონტოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 26 ქულა სკოტი ბარნსმა ჩააგდო. არ ჯეი ბარეტმა 22 ქულა და 9 მოხსნა გააკეთა, ხოლო კოლინ მიურეი-ბოილს 17 ქულა ჰქონდა. „კავსთან“ მატჩი ჩააგდო ბრენდონ ინგრემმა, რომელმაც 15-დან მხოლოდ 3 სროლა გამოიყენა. „კლივლენდის“ მხრიდან 30 ქულით დონოვან მიტჩელი გამოირჩა. ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 28 ქულა შესძინა, ევან მობლიმ — 25.
ამრიგად, „კავალიერსი“ სერიაში 2:0 დაწინაურდა და მომდევნო ორი შეხვედრა კანადაში გაიმართება. „ტორონტო“ „კავსს“ 24 და 26 აპრილს უმასპინძლებს.